მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მილიარდერმა რეი დალიომ Bridgewater Associates-ის საინვესტიციო ოფიცრის პოსტი დატოვა

633ea0c1607d5
გიორგი არონია
07.10.22 01:00
664

მილიარდერმა რეი დალიომ მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ჰეჯ-ფონდის, Bridgewater Associates-ის საინვესტიციო ოფიცრის პოსტი დატოვა, რითაც $150-მილიარდიანი კომპანიის მენეჯმენტს საბოლოოდ ჩამოშორდა, მაგრამ კომპანიაში სიმბოლური დატვირთვით დარჩება, როგორც დამფუძნებელი და მენტორი, – ამის შესახებ Reuters-ი წერს.

აღსანიშნავია, რომ თანამდებობიდან გადადგომის მიუხედავად, რეი დალიო Bridgewater-ის ცამეტწევრიანი დირექტორთა საბჭოს ერთ-ერთ წევრად რჩება.

„ამიერიდან, კომპანიას დირექტორთა საბჭო მართავს, რითაც რეის მმართველობიდან გარდამავალი პერიოდი დასრულდა“, – ვკითხულობთ Bridgewater Associates-ის თანადირექტორების, ნირ ბარ დეას და მარკ ბერტოლინის წერილში. როგორც წერილიდან ირკვევა, რეი დალიომ კომპანიის საკონტროლო პაკეტი დირექტორთა საბჭოს გადააბარა, მაგრამ კომპანიის „მნიშვნელოვან“ მფლობელად რჩება.

„იმედი მაქვს, რომ ჩემს გარდაცვალებამდე Bridgewater-ში მენტორის, ინვესტორისა და დირექტორთა საბჭოს წევრის თანამდებობას დავიკავებ, რადგან ჩვენ ამ ყველაფრის ერთად კეთება გვიყვარს“, – დაწერა რეი დალიომ Twitter-ზე.

შეგახსენებთ, რომ რეი დალიოს მიერ საინვესტიციო ოფიცრის პოსტის დატოვება მოულოდნელი და უცნაური სულაც არ არის, რადგან კომპანიის მენეჯმენტის დატოვების გადაწყვეტილება 73 წლის მილიარდერმა წლების წინ მიიღო. თანაც, ეს გადაწყვეტილება რამდენიმე ეტაპად განხორციელდა: 2017 წელს, რეი დალიომ Bridgewater Associates-ის აღმასრულებელი ხელმძღვანელის პოსტი დატოვა, ხოლო 2021 წელს, თავმჯდომარეობაზეც უარი თქვა – მას მერე, მილიარდერი საინვესტიციო გუნდის მენტორობით იყო დაკავებული.

ცნობისთვის გეტყვით, რომ რეი დალიო, რომელმაც Bridgewater Associates-ი ჯერ კიდევ 1975 წელს დააფუძნა, მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანია – ამერიკული Forbes-ის რეიტინგში, რომელიც მილიარდერთა ქონებას რეალურ დროში აღრიცხავს, $19.1-მილიარდიანი ქონებით, დალიო 77-ე ადგილს იკავებს.


"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.