მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჯორჯ სოროსის $25-მილიარდიან იმპერიას მისი ვაჟი ჩაიბარებს

64870b35ac9da
გიორგი არონია
12.06.23 16:27
4307

უნგრული წარმოშობის ამერიკელი ინვესტორისა და ბიზნესმენის, ჯორჯ სოროსის $25 მილიარდიან იმპერიას მისი უმცროსი ვაჟი, ალექს სოროსი უხელმძღვანელებს, - ამის შესახებ პირველად The Wall Street Journal-მა დაწერა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოულოდნელი არ არის, რადგან ჯორჯ სოროსი, რომელიც მსოფლიოს გარშემო და მათ შორის საქართველოში, მეტად კონტროვერსიულ ფიგურად ითვლება, $6.7 მილიარდად შეფასებულ ჰეჯ-ფონდს, Soros Fund Management-სა და “ღია საზოგადოების ფონდს” ფლობს, 92 წლისაა და ბიზნესის მართვის სადავეებს შორდება.

ჯორჯ სოროსის უმცროსი ვაჟი, ალექს სოროსი 37 წლისაა და, როგორც თავად ამბობს, მამამისზე უფრო მკვეთრი პოლიტიკური პოზიციები აქვს. ორივე სოროსი ამერიკის დემოკრატიულ პარტიას მხარს ღიად უჭერს, რის დასტურად ისიც გამოდგება, რომ 2022 წლის შუალედური არჩევნების წინ, ჯორჯ სოროსმა დემოკრატებს $125 მილიონი გამოუყო. მომდევნო, ანუ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დამფინანსებლად ჩართვას არ გამორიცხავს არც “ღია საზოგადოების ფონდის” ახალი მმართველი, ალექს სოროსი, რომელსაც აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მოწინააღმდეგე კანდიდატის დაფინანსებაზე მიანიშნებს. “ძალიან მინდა ფული პოლიტიკისგან განვაცალკეო, მაგრამ მანამ, სანამ მეორე მხარე ამას აგრძელებს, ჩვენც იძულებულნი ვართ, იგივე გავაკეთოთ”, - განაცხადა ალექს სოროსმა The Wall Street Journal-თან საუბრისას.

თავად ჯორჯ სოროსი და მისი საქმიანობა, მეტად საკამათო საკითხად რჩება მსოფლიოს გარშემო, მათ შორის საქართველოში. ცოტა ხნის წინ, მას შემდეგ, რაც ჯორჯ სოროსის Soros Fund Management-მა Tesla-ში საკუთარი წილი შეამცირა, მასკი სოროსს საჯაროდ დაუპირისპირდა და აღნიშნა, რომ მას “კაცობრიობა სძულს” და “ცივილიზაციის ყველა ქსოვილის განადგურება სურს”. ამ და სხვა ბრალდებებს WSJ-თან საუბრისას თავად სოროსიც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ის არის ადამიანი, რომელსაც მაშინ ახსენებენ, როცა ვინმეს დადანაშაულება სურთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები