მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მივდივართ კოალიციური მართვის სისტემის შემოღებისკენ - თემურ ჭყონია

6158615a6e8f5
თელარა გელანტია
02.10.21 17:39
958
თემურ ჭყონიას შეფასებით, „ბიზნესი ძალიან ელოდება სერიოზულ ცვლილებებს ქვეყნის მართვაში“. ბიზნესმენთან ვრცელი ინტერვიუ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე Forbes Georgia-ს და Bm.ge-ის მთავარმა რედაქტორებმა გიორგი ისაკაძემ და თელარა გელანტიამ ჩაწერეს.



ბიზნესმენი კოალიციური მართვის საჭიროებასა და მნიშვნელობაზე საუბრობს და მაგალითად გერმანიის საპარლამენტო არჩევნების შედეგები მოჰყავს.

„თუ სახელისუფლებო პარტიამ მიიღო 40 ან 50%, რატომ არ შეუძლია შექმნას ინტელექტუალური კოალიცია და მართვის პროცესში მოიწვიოს და ჩართოს ის ჭკვიანი ადამიანები, ვინც ქვეყანაშია და ერთად იზრუნონ და იმუშაონ ქვეყნის განვითარებისთვის და არა პირადი ერთგულებით და ნეპოტიზმით შეარჩიონ კადრები. რატომ არ შეიძლება ასე მოხდეს?! რა არის პრობლემა. არაფერი. კარგი მაგალითია გერმანიის საპარლამენტო არჩევნების შედეგები, სადაც მმართველი პარტია „ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირი“ დამარცხდა და მცირედით ჩამორჩა „სოციალ-დემოკრატებს“, რომელთაც წინასწარი მონაცემებით, ხმების, დაახლოებით, 25.7% მოაგროვეს და ოლაფ შოლცს კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბება მოუწევს. საქართველოში კი ძალიან სწყინთ, როცა სხვადასხვა გამოკითხვით ან არჩევნებში რომელიმე პარტია იღებს 30%-ს... ასეთი შედეგი ისეა მიჩნეული, თითქოს პარტია დამარცხდა, განადგურდა“, - ამბობს თემურ ჭყონია.

ბიზნესმენი პრობლემად მიიჩნევს იმასაც, რომ ქვეყნის პოლიტიკაში, წლების განმავლობაში, არიან ისეთი პოლიტიკური ძალები, რომელთაც ამომრჩეველთა დიდი მხარდაჭერა არ აქვთ.

„არის პოლიტიკოსების კატეგორია, რომელიც დიდი ხანია პოლიტიკურ არენაზეა და მიუხედავად იმისა, რომ ამომრჩევლისგან დაბალ შეფასებას იღებს, იხტიბარს არ იტეხენ და მაინც არიან. ეს კატეგორია, შეიძლება საშუალებას აძლევს მეორე ძალას, რომ მიიღოს უფრო მეტი უპირატესობა, რადგან ადარებენ ცუდს და კარგს ან ისევ ცუდს, მაგრამ ახალს. ორივე ერთი დონეა, მაგრამ სიახლის მოლოდინში შეიძლება ავირჩიოთ ისეთი ძალა, პოლიტიკოსი, რომელიც არ ბრწყინავს, მაგრამ მაინც რაღაც სიახლეს ველით. იცით კიდევ პრობლემა რაშია?! ჩვენ გვინდა, ინტეგრირებული ვიყოთ ევროპასთან და ვამბობთ, რომ ვართ ევროპელები, ჩვენ თავს დავარქვით ასე და რაში გამოიხატება ეს? - გვყავს გერმანული მანქანები, გვაქვს თანამედროვე ტელეფონები, ტანსაცმელი, ჭურჭელი, ავეჯი - ყველაფერი გვაქვს, რაც ევროპაში არის, მაგრამ ქართულად გვინდა მართვა. ჩვენთვის 24 ან 25%-იანი გამარჯვება არაფერს ნიშნავს, მაინცდამაინც 70%-ით გვინდა ხელისუფლებაში მოსვლა...“, - ამბობს ბიზნესმენი.