მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მიწის პირველადი რეგისტრაცია 2024 წელს დასრულდება.... პროექტის ბიუჯეტი 120 მლნ ლარია - ღარიბაშვილი

625a9bb62b62b
BM.GE
16.04.22 14:30
864
მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ჩვენი მოქალაქეებისთვის მიწის სისტემური რეგისტრაცია არის სრულიად უფასო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, მიწის სისტემურ რეგისტრაციას განახორციელებს იუსტიციის სამინისტრო, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საშუალებით.

„ეს პროექტი, ჩვენი გადაწყვეტილებით, დაფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან და პროექტის ღირებულება 120 მილიონი ლარია. აქედან 15 მილიონი ლარი არის მსოფლიო ბანკის კონტრიბუცია და ამისთვის მინდა, მსოფლიო ბანკს მადლობა გადავუხადო. პროექტის ფარგლებში დასაქმდა 800-მდე ადამიანი, ჩვენი მოქალაქე. პროექტი განავითარებს ამზომველის პროფესიას და ჩვენ გვეყოლება სახელმწიფოს მიერ სერტიფიცირებული 465 ამზომველი.

მიწის პირველადი რეგისტრაცია 2024 წლის ბოლოსთვის დასრულდება. ეს არის ჩვენი ამოცანა. შედეგად, ჩვენ გვექნება ქვეყნის ერთიანი, ზუსტი, კადასტრული და სამართლებრივი სურათი - რუკა; შეიქმნება უძრავი ქონების შესახებ სრულყოფილი უფლებრივი და საკადასტრო მონაცემები; განვითარდება უძრავი ქონების ბაზარი. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს მიწის რესურსების მაქსიმალურად ათვისებას, ეკონომიკის განვითარებას და ჩვენი თითოეული მოქალაქის კეთილდღეობის ზრდას“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.