04.ოქტომბერი .2022 21:00

მიხეილ ხიდურელი: ვაგრძელებთ მუშაობას ბიზნეს სერვისების დისტანციურად მიწოდების მიმართულებით

მიხეილ ხიდურელი: ვაგრძელებთ მუშაობას ბიზნეს სერვისების დისტანციურად მიწოდების მიმართულებით
views 428
უკან

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა ლისაბონში, საერთაშორისო კონფერენცია Deloitte Shared Service Conference 2022-ში მიიღო მონაწილეობა.

ღონისძიების ფარგლებში ხიდურელმა საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობის შესახებ პრეზენტაცია წარადგინა და კონფერენციის მონაწილეებს საქართველოს ბიზნეს სერვისების სექტორის მიღწევები და შესაძლებლობები გააცნო.

მიხეილ ხიდურელის თქმით, ბიზნეს სერვისების ე.წ. დისტანციურად მიწოდების სფერო დღესდღეობით საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული სფეროა, რომელზე მუშაობაც 10 წლის წინ დაიწყო და დღეს ეს სფერო საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი დამსაქმებელია.

„ამ მიმართულებით ჩვენ მართლაც ხელშესახები მიღწევები გვაქვს და დღეს საქართველოში ოპერირებენ ისეთი მსხვილი საერთაშორისო კომპანიები, როგორიცაა „მეიჯორელი“, რომელიც უკვე 3 ათას ადამიანს ასაქმებს საქართველოში, ასევე „კონცენტრიქსი“, რომელიც ბიზნეს სერვისების დისტანციურად მიწოდების სფეროში მსოფლიოში ტოპ ხუთ კომპანიას შორისაა და ლიტვური კომპანია „გირტეკა“, რომელმაც სრულად გადმოიტანა საქართველოში საოპერაციო ცენტრი. ჩვენ ამ მიმართულებით აქტიურად ვაგრძელებთ მუშაობას, რადგან საქართველოს გააჩნია კონკურენტული უპირატესობა, მათ შორის IT სპეციალისტების კვალიფიკაციით, ასევე ენობრივი უნარ-ჩვევებით. ეს არის ის უნარები, რასაც ეძებენ მსხვილი კომპანიები და ეს არის მიზეზი, რატომაც შეგვიძლია ასე წელგამართულმა ვისაუბროთ ამ სფეროში ჩვენი ქვეყნის წარმატებაზე“, - აღნიშნა მიხეილ ხიდურელმა.

“Deloitte Shared Service Conference”-ი ბიზნეს სერვისების მიმართულებით მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, რომელიც უკვე 25 წელია დიდი წარმატებით გამოირჩევა. აღსანიშნავია, რომ კონფერენციას ყოველწლიურად ესწრებიან მსოფლიოს უმსხვილესი ბიზნეს სერვისების კომპანიების მენეჯერული და გადაწყვეტილების მიმღები პოზიციების მქონე პირები. მიმდინარე წლის ღონისძიებას მსოფლიოს 30 ქვეყნიდან 1000-მდე მაღალი რანგის დელეგატი ესწრებოდა.