მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მკაცრი შეზღუდვები, ტრანსპორტის აკრძალვა და ა.შ. არ განიხილება - კულუმბეგოვი

61e18cad4cf70
ინგა მურუსიძე
14.01.22 19:06
890
ალერგოლოგ-იმუნოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვი აცხადებს, რომ საქართველოში მკაცრი შეზღუდვების, "ლოქდაუნის", ტრანსპორტის აკრძალვის საკითხები არ განიხილება.

„ჯერჯერობით, მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში პანდემია არ იმართება ისე, როგორც იმართებოდა 2020 წლის დასაწყისში, ანუ მკაცრი შეზღუდვები, ჩაკეტვები, ტრანსპორტის აკრძალვა და ა.შ. არ განიხილება, დანარჩენს რაც შეეხება, შემთხვევების მომატების შემდეგ, იმის პარალელურად, რომ ბიზნესი ნაკლებად დაზარალდეს, რაღაც ტიპის ღონისძიებები შეიძლება დაგვჭირდეს, თუმცა თუ მოსახლეობის 80% ატარებს პირბადეს, საერთოდ ავირიდებთ თავიდან მინიმალურ შეზღუდვებსაც კი“, - განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

რაც შეეხება ომიკრონის შტამს და მის გავრცელებას, როგორც ექიმი განმარტავს, ყველა თანხმდება, რომ "ომიკრონის" შტამისგან ყველაზე მეტად დაცული არიან ადამიანები, ვინც ბუსტერ-დოზა გაიკეთა.

„გთხოვთ ყველას, ვინც ორი დოზით უკვე აიცერით, დაიმატეთ ვაქცინა. ის არის ვადიანი, სრულფასოვანი და ამით პრაქტიკულად, 80%-იანი გარანტია გექნებათ, რომ მძიმე დაავადება არ განგივითარდებათ.

აქვე აღსანიშნია, რომ დღეს ჯანდაცვის სამინისტრომ მიიღო რეკომენდაცია, რომელიც ძალაში შევა ორშაბათიდან და კარანტინის ვადების შემცირებას ითვალისწინებს.

საზოგადოება ელოდა, რომ კონტაქტის შემთხვევაში, იზოლაციის ვადა 8-დან 5 დღემდე უნდა შემცირებულიყო, თუმცა ასე არ მოხდა. მედიამ დღეს ბიძინა კულუმბეგოვს ჰკითხა, თუ რატომ არ მიიღეს ეს გადაწყვეტილება:

„რაც შეეხება კონტაქტებს, CDC-მ თქვა, რომ 5 დღე იზოლაცია საკმარისია, სხვადასხვა ქვეყანამ 7 დღის მაგალითი აიღო, თუმცა ყველგან არის დათქმა, რომ 5-დღიანი იზოლაციის შემდეგ, 5 დღე აუცილებელია პირბადის ტარება. ჩვენ ვიცით ამ მხრივ ჩვენი ქვეყნის თავისებურება, ამიტომ გადაწყდა ვადების ასე განსაზღვრა“, - განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.