მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მნიშვნელოვანია, ტურისტებს ჰქონდეთ სწორი ინფორმაცია თუ რა ვითარებაა ბაკურიანსა და გუდაურში"

5e15ca17d305c
თელარა გელანტია
08.01.20 16:23
1280
მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს თანამოქალაქეებსა და ტურისტებს ჰქონდეთ სწორი ინფორმაცია იმის შესახებ რა ვითარებაა ბაკურიანსა და გუდაურში. გუშინ, წყალმომარაგების პრობლემა, ფაქტობრივად, გადავჭერით გუდაურში, თუმცა სამწუხაროდ, ზოგიერთი მედიასაშუალება საღამოს იუწყებოდა, რომ სასტუმროების ნაწილს წყალი ისევ არ მიეწოდება, - განაცხადა დღეს საქართველოს ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დღეს ბაკურიანში ჩავიდა და წყალმომარაგების სისტემაში არსებული შეფერხების აღმოსაფხვრელ სამუშაოებს ადგილზე გაეცნო. სამუშაო შეხვედრას, რომელსაც მაია ცქიტიშვილი ხელმძღვანელობდა, მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილი, მხარის გუბერნატორი ბესიკ ამირანაშვილი, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ახალი დირექტორი გიგა მანდარია, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის უფროსი მარიამ ქვრივიშვილი, მთის კურორტების განვითარების კომპანიის, საპატრულო პოლიციისა და სხვა უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„ბაკურიანში წყლის პრობლემა ჰქონდა სასტუმროების მხოლოდ 20%-ს. აქედან, ნაწილს გრაფიკით მიეწოდება წყალი, ნაწილს კი 31 დეკემბრიდან მოყოლებული, მუდმივ რეჟიმში, ვამარაგებთ წყალმზიდების საშუალებით. ჩვენი კოლეგების - საგანგებო სამსახურისა და თავდაცვის სამინისტროს დახმარებით, ასევე წყლის კომპანიის რესურსებით, 700 ტონაზე მეტი წყალია უკვე მიწოდებული. აქტიური სამუშაოების შედეგად, ყველა ტექნიკური პრობლემა - მილების შეკეთება და ახალი დამატებითი წყალმიმღებების მოწყობა მოგვარებულია. ახლა მიმდინარეობს ახალი სათავეს ტესტირება და შესაბამისად, ვვარაუდობთ, რომ უახლოეს მომავალში შევძლებთ არსებული დანაკლისის შევსებას და დაბის უწყვეტ მომარაგებას,“ - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

მისივე თქმით, დამსვენებელთა მხრიდან კურორტის დატოვებას მასობრივი ხასიათი არ ჰქონია და ძირითადად, ტურისტები იმ სასტუმროებში გადავიდნენ, სადაც წყლის პრობლემა არ იყო.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია მთლიანად კურორტზე არსებული მდგომარეობა. ძალიან ბევრი სამუშაო გაკეთდა მთელი წლის განმავლობაში. კერძოდ, დასრულდა ახალი შემოვლითი გზა, რომელმაც მნიშვნელოვნად განტვირთა მოძრაობა. წრიული გზაც გაკეთებულია და დიდწილად მოგვარდა საცობების პრობლემა, რაც გვქონდა წინა წლებში. საპატრული პოლიციის შვიდი ეკიპაჟი და საგზაო დეპარტამენტის კონტრაქტორი უზრუნველყოფენ გზებზე გადაადგილებას. ათვისებულია ახალი საპარკინგე სივრცეები, მათ შორის დიდველთან, „მგზავრებთან“, კოხტასთან და ამ პარკინგებით სარგებლობა შესაძლებელია უფასოდ,“ - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

ვიცე-პრემიერის თქმით, ბაკურიანს ემსახურება განახლებული მუნიციპალური სატრანსპორტო პარკი და პერიოდულად, ავტობუსები კიდევ დაემატება, რაც გაზრდილ მოთხოვნას სრულად დააკმაყოფილებს.