19.აგვისტო .2022 00:45

„მნიშვნელოვანია ხორბლის გარდამავალი მარაგების შევსება“ - ლევან სილაგავა

„მნიშვნელოვანია ხორბლის გარდამავალი მარაგების შევსება“ - ლევან სილაგავა
views 766
უკან

საქართველოში, ბოლო პერიოდში, ხორბლის იმპორტი შემცირდა, ფქვილის კი მნიშვნელოვნად გაიზარდა. ხორბლისა და ფქვილის, ასევე პურის მწარმოებლები ამის მიზეზად რუსეთიდან ხორბლის ექსპორტზე დაწესებულ ბაჟს, ფქვილზე კი ნულოვან გადასახადს ასახელებენ, რაც ხორბლის იმპორტს არამომგებიანს ხდის. შედეგად ქვეყანაში ივნისიდან მსხვილმა წისქვილკომბინატებმა, როგორც ხორბლის გადამუშავება, ასევე იმპორტი შეაჩერეს და მათი ნაწილი ფქვილის შემოტანაზე გადაეწყო.

საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში საქართველოში სულ 36.2 მლნ დოლარის ღირებულების 95 725 ტონა ფქვილის იმპორტი განხორციელდა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საქონლის საიმპორტო მოცულობა 895.6%-ით, ხოლო ღირებულება 1 174.6%-ით გაიზარდა.

საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ლევან სილაგავა Bm.ge-სთან ამბობს, რომ საჭიროა ქვეყანაში ხორბლის გარდამავალი მარაგების შევსება.

„ეს იმას ნიშნავს, ხორბლის ხარჯვის პარალელურად მისი შევსება ხდება და ეს უწყვეტი ჯაჭვი უნდა იყოს. ხორბლის მარაგების შევსება შენახვისთვის უფრო რელევანტურია, რადგან ხორბლის შენახვის ვადა წლებია, როცა ფქვილის შენახვა 1-2 თვე მიმდინარეობს. ზამთრისთვის იმპორტირებული ხორბალი დაგვჭირდება. ზამთარში დაგვჭირდება რომ ადგილობრივ მოყვანილ ხორბალს იმპორტირებული დაემატოს.

ამასთან, მსოფლიო დიდი სასურსათო კრიზისებისთვის ემზადება და ბევრი ქვეყანა არა მხოლოდ ხორბლის მარაგებს არამედ სხვა პირველადი მოთხოვნილების პროდუქციის მარაგებს ავსებს. ეს ზამთარში, სასურსათო უსაფრთხოებისთვის უმნიშვნელოვანესი იქნება“, - ამბობს სილაგავა.

მან ასევე წისქვილების მუშაობის რელევანტურობაზე ისაუბრა და თქვა, რომ რუსეთის მიერ ხორბალზე საბაჟო გადასახადის გაუქმება, ხორბლის გადამუშავების ნაწილში, დიდი წისქვილების ამუშავებას გამოიწვევს.

„ხორბალზე საბაჟო გადასახადი 130 დოლარი იყო, შემდეგ 100-ზე ჩამოვიდა და ახლა დაახლოებით 80 დოლარის ფარგლებშია. ანუ ბოლო 2 კვირაში 20 დოლარით შემცირდა. 80 დოლარი საბაჟო გადასახადი, ეს ის ფასი არ არის, რაც ფქვილთან შედარებით ხორბლის შემოტანას კონკურენტუნარიანს გახდის. სხვაობა 40-30 დოლამდე უნდა ჩამოვიდეს, რომ ხორბლის იმპორტი ფქვილთან მიმართებაში კონკურენტუნარიანი გახდეს.

საქართველოს ბაზარზე წარმოდგენილი იყო 97% ადგილობრივი წისქვილკომბინატების მიერ გამოშვებული ფქვილი და მხოლოდ 3% იყო იმპორტირებული. დღეს სამწუხაროდ ფქვილის უმეტესი ნაწილი იმპორტირებულია და დიდი წისქვილები გაჩერებულია", - განაცხადა ლევან სილაგავამ.

ხსნის თუ არა რუსეთი ხორბალზე საექსპორტო ბაჟს?