მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“მომავლის ფერმერი”: ქვეყანას მიწის რეფორმის არანაირი ხედვა არ გააჩნია

5f562da2f104c
ლიკა გურაბანიძე
07.09.20 18:13
732

"ქვეყანას მიწის რეფორმის არანაირი ხედვა არ გააჩნია. ხან ვყიდით, ხან - არა და ხან მორატორიუმს ვაცხადებთ. სახელმწიფომ იმის ხედვა დღემდე ვერ დადო, მიწას, როგორც კაპიტალს როგორ უნდა შევხედოთ", - ამის შესახებ “საქმიან დილაში” “მომავლის ფერმერის” ხელმძღვანელმა რუსუდან გიგაშვილმა მიწის ფრაგმენტაციისა და აღრიცხვის საკითხის კომენტირებისას განაცხადა.

როგორც გიგაშვილი განმარტავს, მიწა მაქსიმალურად ათვისებული უნდა იყოს, თუმცა მისი დათვლა აუცილებელია.

"თუ მიწა არ დავითავლეთ, რა რეფორმებსა და ინვესტიციაზე ვსაუბრობთ? ინვესტორს რა უნდა ვუთხრათ, სად არის კონკრეტული ზონები? ძალიან ბევრი საკითხია, რომელიც ხელისუფლების მხრიდან თანმიმდევრულ გააზრებულ პოლიტიკას საჭიროებს. პირველ რიგში, აუცილებელია, რომ ამ მხრივ უწყებათაშორისი კომისია შეიქმნას და ეს კომისია რეალურად ფუნქციონირებდეს”, - განმარტა გიგაშვილმა.

როგორც ის აღნიშნავს, ქვეყანა ტექნოლოგიურ ნაწილში, სამწუხაროდმ უკანაა, რადგან ეს არის ნაწილი, რომელიც ძალიან დიდ ინვესტიციას მოითხოვს.

“ტექნოლოგიები გვექნება თუკი ინვესტორები შემოვლენ და ტექნოლოგიებს შემოიყოლებენ, რადგან საქართველოში ამხელა თანხები არ აქვთ. კარგად არის მარკეტინგულად შესაფუთი ის, რომ ნებისმიერი უცხოელი ინვესტორი საქართველოში თანხის ჩადებაზე დავაინტერესოთ. მიწის იჯარით გაცემა იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ კონკრეტულ ინვესტორს გარკვეულ საგადასახადო და მთელი რიგ პაკეტს შევთავაზებთ. უნდა შეიქმნას ისეთი პაკეტი, რაც ინვესტორისთვის მიმზიდველი იქნება. ყველაზე მნიშნელოვანი გამოწვევა სოფლის მეურნეობებუს დარგებში კადრების სერიოზული დეფიციტია და თუ ეს სწორი საგანმანათლებლო პოლიტიკით არ შეივსო, არაფერი გამოვა", - განაცხადა რუსუდან გიგაშვილმა. 

ცნობისთვის, საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში აგრარული სექტორის განვითარების შემაფერხებელი ფაქტორების კვლევა ჩატარდა. როგორც ასოციაციის განცხადებაშია ნათქვამი, კვლევა ხაზს უსვამს აგრარულ სექტორში არსებული მეურნეობების გამსხვილებისა და მასშტაბური მეურნეობების შექმნის აუცილებლობას. აგრარული სექტორის მნიშვნელოვან გამოწვევებს შორის, რომლებიც კვლევის შედეგად გამოიკვეთა, ყველაზე მთავარი მიწის ფრაგმენტაციისა და აღრიცხვის საკითხია, რაც ხელს უშლის ქვეყანაში არსებული მიწის რესურსის შესახებ სრულყოფილი საინფორმაციო ბაზის შექმნას და შესაბამისად მიწის გამოყენებას.