14.ივლისი .2021 12:40

მოსამართლეთა ნაჩქარევი დანიშვნა შესაძლოა საქართველოს EU-ს €60 მლნ-ის დახმარების შეჩერებად დაუჯდეს

მოსამართლეთა ნაჩქარევი დანიშვნა შესაძლოა საქართველოს EU-ს €60 მლნ-ის დახმარების შეჩერებად დაუჯდეს
views 1469
უკან

ორშაბათს, საქართველოს პარლამენტმა მხარი დაუჭირა უზენაესი სასამართლოს ექვს მოსამართლეს, თუმცა მოსამართლეთა დანიშვნის პროცესის შეჩერება და ამ პროცესის ვენეციის კომისიის რეკომენდაციების ფორმატში წარმართვა წარმოადგენდა საქართველოს ვალდებულებას, რომელიც მან ევროკავშირის წინაშე მაკრო-ფინანსური დახმარების მიღებისთვის აიღო.

ამასთანავე, ეს საკითხი 19 აპრილის "შარლ მიშელის შეთანხმების" ერთ-ერთ მნიშვნელოვან პუნქტს წარმოადგენდა. 

დღეს ევროკომისიის პრეს-სპიკერმა გააკეთა განცხადება, რომ საქართველოს მიერ მოსამართლეთა დანიშვნის პროცესს ნეგატიური გავლენა შეიძლება ჰქონდეს ქვეყნის მიერ მაკრო-ფინანსური მხარდაჭერის პაკეტის მეორე ტრანშის მიღებაზეც. ამ პაკეტის მოცულობა 60 მილიონი ევროა. განცხადების მიხედვით, EU მზადაა საქართველოს მთავრობასთან ამ საკითხების შესახებ ახალი მოლაპარაკებები გამართოს. 

ევროკომისიის განცხადება:

"ორშაბათს, საქართველოს პარლამენტმა მხარი დაუჭირა უზენაესი სასამართლოს ექვს მოსამართლეს, მიუხედავად ევროკავშირის მოწოდებისა მომხდარიყო დანიშვნის პროცესში პაუზის გაკეთება და ამ პროცესის გადახედვა, ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოსაყვანად. ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა (ODIHR) ახლახან თავის შუალედურ ანგარიშში შეშფოთება გამოთქვა კანდიდატების წარდგენის პროცესის სამართლიანობასა და თანასწორობასთან დაკავშირებით.

დანიშვნები ეწინააღმდეგება 19 აპრილის შეთანხმების საკვანძო დებულებებს, რომელთა თანახმად, უნდა გაკეთდეს პაუზა ყველა მიმდინარე დანიშვნასთან დაკავშირებით, სრულად შესრულდეს ვენეციის კომისიის ყველა რეკომენდაცია და ზოგადად გაიზარდოს მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობა, ანგარიშვალდებულება და ხარისხი ფართომასშტაბიანი, ინკლუზიური და ყველა პარტიის მონაწილეობით შემუშავებული რეფორმის პროცესში.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნის დაწყებამდე მათი შერჩევის პროცესის გადახედვა ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად ასევე არის საქართველოსთვის ევროკავშირის მოქმედი პროგრამით გათვალისწინებული მაკრო-ფინანსური დახმარების მეორე ტრანშის გამოყოფის შეთანხმებული წინაპირობა, რომელზეც ამ ნაბიჯმა შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს.

ამიტომ ეს კენჭისყრა საქართველოს ხელისუფლებისთვის არის დაკარგული შესაძლებლობა სასამართლო სისტემის ჭეშმარიტი და ყოვლისმომცველი რეფორმის მიმართ თავისი ერთგულების დამტკიცებისთვის. ეს მოვლენები სასამართლოს დამოუკიდებლობისა და საზოგადოების ნდობისთვის ზიანის მიყენების საფრთხის შემცველია.

ევროკავშირი ღიაა შემდგომი მოლაპარაკებებისთვის უმაღლეს დონეზე, რათა განიხილოს სასამართლო სისტემის რეფორმა და მომავალი ქმედებები ამ მოვლენების შემდეგ, განსაკუთრებით 19 აპრილის შეთანხმებისა და საქართველოსთვის ევროკავშირის მაკრო-ფინანსური დახმარების შესახებ გადაწყვეტილებების კონტექსტში," - ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა