მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მშენებლობა აამუშავებს ეკონომიკას“ - როსტომაშვილი მშენებლობების დაზღვევის საგარანტიო პროგრამას აფასებს

5f47b8a6cda1b
თამთა ჯიჯავაძე
27.08.20 18:05
1030
მენაშენეთა ასოციაციის ხელმძღვანელი ირაკლი როსტომაშვილი მთავრობის გადაწყვეტილებას ქვეყანაში დაუსრულებელი მშენებლობების დაზღვევის მიზნით, 100-მილიონიანი ლარის საგარანტიო აუქციონის გამოცხადებას დადებითად აფასებს. 

როგორც როსტომაშვილმა BM.GE-ისთან საუბრისას განაცხადა, სამშენებლო სექტორი მნიშვნელოვანი დარგია ეკონომიკის განვითარებისთვის, ამიტომაც ნებისმიერი ხელშეწყობა მისასალმებელია.

„ძალიან კარგია ეს გადაწყვეტილება. აქ მთავარი არის ძირითადად თბილისში დაუსრულებელი მშენებლობების ფაქტი, ასევე ძალიან დიდი პრობლემაა ის მოსახლეობა, რომელიც ბინებს ელოდება, გატანჯულები არიან, ოჯახები დაინგრა ამის გამო, ზოგი შეეწირა კიდეც ამ უბედურებას. ამათი საკითხის გადაწყვეტა კი, მნიშვნელოვანია. ასევე, დიდი მნიშვნელობა აქვს ეკონომიკის ამუშავებას. 100 მლნ-ის ინვესტირება მშენებლობაში ნიშნავს კიდევ 200 მლნ-ის ინვესტირებას უკვე იმ ხალხისგან, ვინც დამთავრებულ ბინებს მიიღებს და დაიწყებს რემონტს, უამრავი ადამიანი დასაქმდება“, – განაცხადა როსტომაშვილმა.

მისივე თქმით, მშენებლობა არის დარგი, რომელიც აამუშავებს მთელი ქვეყნის ეკონომიკას. გაჩერებული მშენებლობები კი უძრავი ქონების კაპიტალიზაციას ამცირებს.

„თუ თქვენი ბინა ღირს 100 000 და ფასები ზოგადად დაეცემა, თქვენი ბინის ფასებიც ხომ დაიკლებს. ანუ ყველას უნდა აწყობდეს ქვეყანაში რომ ბინებზე ფასი გაიზარდოს. როცა ბინის ფასი გაიზრდება, თქვენი ბინის კაპიტალიზაციაც გაიზრდება. თუ გაორმაგდა, თქვენი ქონებაც გაორმაგდება. ეს ისეთი დარგია, რომელიც სენსიტიურად მოქმედებს საზოგადოებაზე“, – აღნიშნა მენაშენეთა ასოციაციის ხელმძღვანელმა.

მან ასევე ყურადღება გაამახვილა დასაქმების მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ მშენებლობა დარგია, რომელსაც ნებისმიერი კვალიფიკაციის ადამიანის დასაქმება შეუძლია.

„ყველაზე დაბალი კვალიფიკაციის მუშის დასაქმებაც შემიძლია და უმაღლესი კატეგორიის ფინანსისტის, იურისტის და არქიტექტორისაც. მაგალითად, საბანკო სფერო, ასე ყველას ვერ ასაქმებს. ჩვენი დარგი არის ის, რომელიც ყველას ასაქმებს“, – განაცხადა როსტომაშვილმა.

ცნობისთვის: 2020 წლის პირველი კვარტლის სტატისტიკის მიხედვით, სამშენებლო სექტორში 59 160 ადამიანი იყო დასაქმებული. 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში კი - 59 662 ადამიანი. რაც შეეხება დაუმთავრებელი მშენებლობების სტატისტიკას, როგორც ცნობილია, თბილისში დაახლოებით 180 დაუმთავრებელი მშენებლობაა. ირაკლი როსტომაშვილის თქმით, ეს პრობლემა პანდემიამდეც უდიდესი ტვირთი იყო.