მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“მშენებლობის დაზღვევის მექანიზმი უნდა შემოვიღოთ”- ბეჟან წაქაძის ინიციატივა

633ad9e1aaff4
ანუკა ჯოხაძე
03.10.22 20:20
669
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის ორგანიზებით NDI-იმ კვლევა წარადგინა, რომელიც არსებული სამშენებლო რეგულაციების შეფასებას, გამოწვევებსა და ახალი სტანდარტების დანერგვის პროცესს ეხებოდა.

დეპუტატ ბეჟან წაქაძის თქმით, ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რომელიც კვლევაში არ იყო ნახსენები დაუსრულებელ მშენებლობებს ეხება, რაც ქვეყნისთვის წლების განმავლობაში დიდი გამოწვევა იყო.

წაქაძე აცხადებს, რომ თბილისის მერიამ ამ კუთხით ნაბიჯები გადადგა, მაგრამ რისკები კვლავ არსებობს, ამიტომ დეპუტატმა მშენებლობების დაზღვევის მექანიზმის შემოღების ინიციატივა გააჟღერა.

“დიდი სამუშაო გააკეთა თბილისის მერიამ დაუსრულებელი მშენებლობების მიმართულებით. რთულია ქალაქში უამრავი სახლის პრობლემა გადაწყვიტო, რომელიც დაუსრულებელია. მაშინვე ვთქვი, რომ ეს ტალღა კიდევ წამოვიდოდა და ამას ვერცერთი რეგულაცია ვერ უშველის, გარდა იმისა, რომ შემოვიღოთ კანონები, რომელიც ევროპაში მოქმედებს. ეს არის მშენებლობების დაზღვევა. ისევე, როგორც სახელმწიფო შესყიდვების კანონი ითვალისწინებს, მშენებელმა დაზღვევის გარკვეული თანხა უნდა წარადგინოს. კერძო სექტორისთვისაც უნდა არსებობდეს ვალდებულება, რომ საბანკო გარანტია წარადგინოს. ამ გარანტიამ კი ის უნდა უზრუნველყოს, რომ დაუსრულებელი მშენებლობების ახალი ტალღა არ წამოვიდეს,” - ამბობს დეპუტატი ბეჟან წაქაძე.

კითხვაზე გულისხმობს, თუ არა რამდენიმე წლის წინ მთავრობის მხრიდან ე.წ escrow ანგარიშის შემოღებას, რომლის მიხედვითაც, სამშენებლო პროექტით გათვალისწინებული საცხოვრებელი ფართის არანაკლებ 20%-ის "ესქროუ" ანგარიშზე განთავსება განიხილებოდა, წაქაძე გვპასუხობს, რომ სწორედ ამ რეგულაციის ამოქმედებას გულისხმობს, რომელიც არა პოპულარული გადაწყვეტილებაა, თუმცა ერთ-ერთი გზაა, რომ დაუსრულებელი მშენებლობების პრობლემა მოგვარდეს.

“ეს უკვე ასამოქმედებელია. ეს არის ძალიან არაპოპულარული ნაბიჯი, თუმცა საშუალო და გრძელვადიან პერიოდში ეს იქნება ხსნა. ხსნა იმ ქაოსისგან, რომელიც წლების განმავლობაში სხვადასხვა ქალაქებში ხდებოდა. ადრე თუ გვიან ჩვენ მოგვიწევს ამის გაკეთება,”- აცხადებს დეპუტატი ბეჟან წაქაძე.

Escrow-ეს არის საბანკო ანგარიში, რომლის გამოყენებითაც პირი იღებს ერთგვარ გარანტიას რომ მშენებლობა დასრულდება. Escrow ანგარიშის ამოქმედების შემდეგ თანხა ინახება ანგარიშზე და მშენებელს მხოლოდ მშენებლობის პარალელურად, ან მისი დასრულების შემდეგ შეუძლია ამ თანხის გამოყენება.

მთავრობის ინიციატივა კერ 2021 წლიდან უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა კონკრეტული მიზეზების გამო მისი გაურკვეველი დროით გადავადება მოხდა. ბოლო ინფორმაციით, კი აღნიშნული რეგულაციის შემოღება 2022 წლიდან იყო გეგმაში.