მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შენობებს ექსპლუატაციაში ენერგოინსპექტირების გარეშე აღარ მიიღებენ - რა იცვლება სამშენებლო სექტორში?

64a934414defc
ელენე გოგბერაშვილი
08.07.23 14:20
4209
1 ივლისიდან ძალაში შევიდა ენერგოეფექტურობის მინიმალური სტანდარტები, რომელიც ეხება ყველა ახალ შენობას, განურჩევლად საკუთრების ფორმისა. თუ კერძო ან საჯარო დანიშნულების შენობა 50 კვადრატულ მეტრზე მეტია, მან ენერგოეფექტიანობის მინიმალური მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილოს. ამას „ენერგოეფექტურობის შესახებ“ საქართველოს კანონი ითვალისწინებს, რომელიც პარლამენტმა ჯერ კიდევ 2020 წელს დაამტკიცა. ენერგოეფექტურობის მინიმალური სტანდარტების დაკმაყოფილების გარეშე ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან სამშენებლო ნებართვა აღარ გაიცემა.

რეფორმის შემდეგ ეტაპზე შენობებს ენერგო კლასი მიენიჭება, რომელიც განსაზღვრავს, ენერგოეფექტურობის რა სტანდარტს შეესაბამება შენობა. სტატუსი შენობებს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პირმა უნდა მიანიჭოს. შესაბამისად, გათვალისწინებულია ახალი პროფესიის შემოღება, რომლის მიერ შენობის ენერგოინსპექტირების სერტიფიკატის გაცემის გარეშე შენობები ექსპლუატაციაში არ მიიღება.

„რეგულაცია ახლა დაწერის პროცესშია. სამი ახალი პროფესია შემოვა, რომელიც იქნება სერტიფიცირებული ან აკრედიტებული, ერთი ეს არის ენერგო აუდიტორი, ასევე ენერგო ინსპექტორი და გაგრილების და გათბობის სისტემის ინსპექტორი. ამ შემთხვევაში საუბარია ენერგო ინსპექტორზე, რომელიც კლასიფიცირებას მიანიჭებს შენობებს.

შენობის ექსპლუატაციაში შესვლისთვის საჭირო იქნება ენერგოინსპექტირება და ენერგო სერტიფიკატის მიღება, რომელზეც მითითებული იქნება რა კლასის შენობაა. ეს შესაბამისი სერტიფიკატი გაკრული იქნება თვალსაჩინო ადგილას, ალბათ შემოსასვლელში და ყველას ეცოდინება რა ტიპის შენობაა, რომელშიც ადამიანი ცხოვრობს.

ეს პროფესია იქნება რეგულირებადი. ტიტულის მიღებისთვის ადამიანმა უნდა გაიაროს შესაბამისი ტრენინგები, ჩააბაროს გამოცდა. ის იქნება აკრედიტებული. ასევე იქნება მეთოდოლოგია, როგორ უნდა შეამოწმოს შენობა და გასცეს კლასიფიცირება.

ამასთან, იქნება ორგანო, რომელიც შეამოწმებს სერტიფიკატს. თუ ხარვეზი მოიძებნა, შეიძლება ჩამოერთვას ამ პროფესიაში მოღვაწეობის უფლება, ამიტომ მგონია თაღლითობის მოტივაცია ნაკლები უნდა იყოს.

ეკონომიკის სამინისტროს ეხება ამის მონიტორინგი. შეიძლება ცალკე უწყება გაჩნდეს ან დეპარტამენტი, ვინც კოორდინაციას გაუწევს ამ პროცესს“, - აცხადებს გადაცემა რედაქტ2-თან ვახტანგ ბეგაშვილი, საერთაშორისო ენერგეტიკული საკონსულტაციო კომპანია INTEC-ის უფროსი მრჩეველი, რომელიც ევროკავშირის ტექნიკური დახმარების პროგრამის ფარგლებში ეკონომიკის სამინისტროს საკონსულტაციო მომსახურებას უწევს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები