მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მსოფლიო ბანკი წელს საქართველოს ეკონომიკის 5.5%-იან ზრდას პროგნოზირებს

62a05097c5939
გიორგი თოლორდავა
08.06.22 12:18
1188
მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებული გლობალური ეკონომიკური პერსპექტივების უახლესი ანგარიშის თანახმად, COVID-19-ის მიერ გამოწვეულ ზიანთან ერთად, რუსული სამხედრო ძალების უკრაინაში შეჭრამ კიდევ უფრო შეანელა გლობალური ეკონომიკის განვითარება, რომელიც ამჟამად სუსტი ზრდისა და მზარდი ინფლაციის გაჭიანურებულ ფაზაში შედის. აღნიშნული მოვლენა სტაგფლაციის რისკებს ზრდის, განსაკუთრებით კი საშუალო და დაბალშემოსავლიანი ქვეყნებისთვის.

WB-ის შეფასებით, მოსალოდნელია გლობალური ეკონომიკური ზრდის შენელება 5.7%-დან (2021) 2.9%-მდე (2022), რაც იანვარში პროგნოზირებულ 4.1%-თან შედარებით მნიშვნელოვნად დაბალი მაჩვენებელია. ეს მაჩვენებელი, სავარაუდოდ, ამ დონეზე დარჩება 2023 – 24 წლების განმავლობაში, რამდენადაც ომი უკრაინაში ახლო მომავალში შეაფერხებს საქმიანობას, ინვესტიციებსა და ვაჭრობას, შესუსტდება დაუკმაყოფილებელი მოთხოვნა, ხოლო ფისკალური და ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ღონისძიებები შეწყდება. შედეგად, პანდემიით და ომით გამოწვეული ზიანის გამო, განვითარებად ქვეყნებში, შემოსავალი მოსახლეობის ერთ სულზე წელს პანდემიამდელ დონესთან შედარებით თითქმის 5%-ით ნაკლები იქნება.

გლობალური პროგნოზის გაუარესების ფონზე, მსოფლიო ბანკი 2022-2023 წლებისთვის საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზს 5.5%-იან ნიშნულამდე ზრდის.

საგულისხმოა, რომ აპრილში მსოფლიო ბანკმა საქართველოს მშპ-ის ზრდის პროგნოზი 2.5%-იან ნიშნულამდე შეამცირა, რაც რუსეთ-უკრაინის ომით იყო განპირობებული, თუმცა უახლესი ანგარიშიდან ირკვევა, რომ მოვლენების განვითარების ფონზე, ანალიტიკოსებს გაცილებით პოზიტიური მოლოდინები გაუჩნდათ, რაც პროგნოზის გაუმჯობესებაზეც აისახა.

რაც შეეხება მეზობელი სახელმწიფოების პროგნოზებს, მსოფლიო ბანკის შეფასებით, 2022 წელს რუსეთის ეკონომიკა 8.9%-ით შემცირდება; თურქეთის - 2.3%-ით გაიზრდება, აზერბაიჯანის მშპ 2.7%-ით გაიზრდება, ხოლო სომხეთში ზრდის მაჩვენებელი 3.5%-ს მიაღწევს.