World Bank-ის განმარტებით, გლობალური ეკონომიკური ზრდა მკვეთრად შენელდა გაზრდილი ინფლაციის, მაღალი საპროცენტო განაკვეთების, შემცირებული ინვესტიციების და უკრაინაში რუსეთის შეჭრით გამოწვეული პრობლემების ფონზე.
„ეს გასული 30 წლის რიგით მესამე ყველაზე ცუდი ზრდის შედეგი იქნება, რა თქმა უნდა, გლობალური ფინანსური კრიზისისა და კოვიდპანდემიის შემდეგ. გლობალური ეკონომიკური ზრდა იმდენადაა შენელებული, რომ მსოფლიო ახლა უკვე საკმაოდ ახლოსაა რეცესიასთან“, - წერია მსოფლიო ბანკის ანგარიშში.
საფინანსო ინსტიტუტის შეფასებით, მყიფე ეკონომიკური პირობების გათვალისწინებით, ნებისმიერი ახალი უარყოფითი მოვლენა, როგორებიცაა მოსალოდნელზე მაღალი ინფლაცია, მის შესაჩერებლად საპროცენტო განაკვეთების მკვეთრი ზრდა, COVID-19-ის პანდემიის ახალი ტალღა ან გეოპოლიტიკური დაძაბულობის ესკალაცია, შესაძლოა, გლობალური ეკონომიკის რეცესიას განაპირობებდეს. ეს იქნება პირველი შემთხვევა გასული 80 წლის განმავლობაში, როდესაც ერთი ათწლეულის განმავლობაში ორი გლობალური ეკონომიკური ვარდნა აღინიშნება.
განვითარებად ქვეყნებში მომდევნო ორი წლის განმავლობაში შემოსავალი ერთ სულ მოსახლეზე, სავარაუდოდ, საშუალოდ 2.8 პროცენტი იქნება, რაც ერთი სრული პროცენტული ერთეულით ნაკლებია 2010-2019 წლების საშუალო მაჩვენებელზე.
განვითარებულ ქვეყნებში, პროგნოზის თანახმად, ეკონომიკური ზრდა 2022 წლის 2.5%-იანი მაჩვენებლიდან 2023 წელს 0.5%-მდე შემცირდება. გასული ორი ათწლეულის განმავლობაში ასეთი მასშტაბის ეკონომიკური დაღმასვლა გლობალური რეცესიის მაუწყებელი აღმოჩნდა.
ამერიკის შეერთებულ შტატებში 2023 წელს მოსალოდნელია ზრდის მაჩვენებლის 0.5%-მდე ვარდნა, რაც 1.9 პროცენტული ერთეულით ნაკლებია წინა პროგნოზებთან შედარებით და 1970 წლის შემდეგ ეფექტიანობის უდაბლესი მაჩვენებელია, ოფიციალური რეცესიების მიღმა.
2023 წელს ევროზონაში მოსალოდნელია ნულოვანი ეკონომიკური ზრდა, რაც 1.9 პროცენტული ერთეულით დაღმავალი კორექტირების შედეგი იქნება.
2023 წელს ჩინეთში ეკონომიკური ზრდა მოსალოდნელია 4.3%-ის დონეზე, რაც 0.9 პროცენტული ერთეულით ნაკლებია წინა პროგნოზებზე.
განვითარებად ბაზრებსა და ქვეყნებში, ჩინეთის გამოკლებით, ზრდა 2023 წელს, სავარაუდოდ, 2022 წლის 3.8%-იანი მაჩვენებლიდან 2.7%-მდე შემცირდება, რაც მნიშვნელოვნად სუსტ გარე მოთხოვნას ასახავს. აღნიშნული გამოწვეულია მაღალი ინფლაციით, ვალუტის გაუფასურებით, დაფინანსების მკაცრი პირობებით და განვითარების შემაფერხებელი სხვა ადგილობრივი ფაქტორებით.
2024 წლის ბოლოსთვის განვითარებად ბაზრებზე და ქვეყნებში მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) პანდემიამდე მოსალოდნელ დონეზე დაახლოებით 6%-ით ნაკლები იქნება. გლობალური ინფლაციის ზომიერი მაჩვენებლის მოლოდინის მიუხედავად, ის პანდემიამდელ დონეზე მაღლა შენარჩუნდება.