22.ოქტომბერი .2021 18:35

MTA - მთის კურორტების განვითარების კომპანიას ახალი სახელი აქვს

MTA - მთის კურორტების განვითარების კომპანიას ახალი სახელი აქვს
views 405
უკან

მთის კურორტების განვითარების კომპანიას ახალი სახელი აქვს.

როგორც bm.ge-მ გაარკვია, სახელმწიფო კომპანიის ახალი სახელია MTA - Mountain Tracks Agency - მთის ტრასების სააგენტო.



აღსანიშნია, რომ მიმდინარე წლის ზაფხულიდან მთის კურორტების განვითარების კომპანია სახელმწიფო შესყიდვებში MTA-ის ანუ "ემ თი ეი"-ს სახელით მონაწილეობს, მაგრამ რებრენდინგის შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებია.

რაც შეეხება სახელწოდების შეცვლის მიზეზს მთის კურორტების განვითარების კომპანიის დირექტორი ირაკლი ჭირაქაძე bm.ge-სთან აცხადებს, ახალი სახელი კომპანიის რეალურ ფუნქცია-ვალდებულებებს უფრო აკონკრეტებს.

„სახელწოდების შეცვლის შინაარსი არის ის, რომ ზოგადად, ჩვენი კომპანია წესდებითაც და იურიდიულადაც პასუხისმგებელი ადრეც იყო და არის მხოლოდ და მხოლოდ საბაგიროების გამართულ ფუნქციონირებაზე, სასრიალო ტრასებზე, გათოვლიანებაზე და ა.შ. ასევე მაგალითად, ჩვენი კომპანია პასუხისმგებელია იმაზე, რომ როცა დამსვენებელი ბილეთს ყიდულობს, საბაგირო დახვდეს გამართულ მდგომარეობაში, ტრასა იყოს კარგად დატკეპნილი - მხოლოდ და მხოლოდ ამაზე. თუ მომხმარებელს აქვს პრეტენზია საბაგიროსთან დაკავშირებით, კი ბატონო, გავცემთ პასუხს, თუ პრობლემაა, შენიშვნასაც მივიღებთ. დანარჩენი - მთის კურორტებზე რაც ხდება - ნაგვის გატანის პრობლემაა, საცობია თუ სხვა რამ, ჩვენს ფუნქცია-ვალდებულებაში არ შედის.

ამდენად, უფრო კონკრეტული სახე რომ მიგვეცა ჩვენი ფუნქციისთვის, მოხდა სახელის ცვლილება. მთა არის MTA. რეალურად, ის იქნება მთის ტრასების სააგენტო - Mountain Tracks Agency. მოკლედ, MTA იმიტომ დაერქვა, რომ უფრო კონკრეტული იყოს ჩვენი საქმიანობა ყველასთვის“, - განმარტა ირაკლი ჭირაქაძემ და დასძინა, რომ პანდემიის პირობებში ახალ სახელწოდებასთან დაკავშირებული საინფორმაციო კამპანია ვერ მოხერხდა.

„პანდემიის პირობებში გავიჭედეთ და არც ახლაა ამის დრო; ამიტომ მხოლოდ და მხოლოდ ფორმალურად ანუ საბუთებში ვართ MTA“, - თქვა მან.

ირაკლი ჭირაქაძის ინფორმაციითვე, ამ დროისთვის შპს „ემ თი ეი“-ში ანუ ყოფილ მთის კურორტების განვითარების კომპანიაში სხვა სტრუქტურული ცვლილება თუ რეორგანიზაცია არ მიმდინარეობს.

კომპანიის დირექტორისგან განსხვავებით კი, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი, რომელიც ტურიზმის მიმართულებას კურირებს, bm.ge-სთან აცხადებს, რომ მთის კურორტების მართვის კომპანიის სტრუქტურული გაძლიერების მიზნით, USAID-თან ერთად მუშაობენ.

„USAID-ს ვთხოვე ჩართულობა და მათი ექსპერტიზით ძალიან საინტერესო რაღაცეებს ვაკეთებთ. ამოცანა ერთი გვაქვს - გაძლიერდეს კომპანია, არსებული გამოწვევები გავითვალისწინოთ და მისი ოპერირება უფრო ეფექტიანი გავხადოთ. რა ფორმას მიიღებს ეს ყველაფერი და როგორი ფორმით და სახელით იქნება, მომდევნო ეტაპის ნაწილებია. ახლა, ფაქტობრივად, იდენტიფიცირებაზე ვმუშაობთ“, - აცხადებს მარიამ ქვრივიშვილი.

ეკონომიკის მინისტრის მოადგილეს bm.ge-მ ზაფხულში გაკეთებული თავისივე განცხადებაც შეახსენა, რომლის თანახმად, გეგმაში იყო მთის კურორტების განვითარების კომპანიის და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სტრუქტურული ცვლილება, ამიტომ მარიამ ქვრივიშვილს ვკითხეთ - ხომ არაა მოსალოდნელი მათი ერთ სტრუქტურულ ერთეულად ჩამოყალიბება.

„მე არ გავასწრებდი მოვლენებს. შევხედოთ რა როგორ წავა. საერთაშორისო ექსპერტიზის შეფასებებსაც შევაჯერებთ და რაც იქნება სწორი ფორმა, იმ ფორმით გავაკეთებთ. აქ მთავარი ამოცანა არის სტრუქტურული გაძლიერება. მოკლედ, გამოვიყენებთ იმ ინსტრუმენტს, რაც ყველაზე ეფექტიანი იქნება სტრუქტურული გაძლიერებისთვის; ეს შეიძლება იყოს შიდა გაძლიერება. ვნახოთ, არა გავასწრებდი მოვლენებს“, - ამბობს მარიამ ქვრივიშვილი.

ცნობისთვის: უკვე ერთი წელია ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას თავმჯდომარე არ ჰყავს. ამ დრომდე თავმჯდომარის მოვალეობას მედეა ჯანიაშვილი ასრულებს. უცნობია, ვაკანტურ პოზიციაზე რატომ არ აცხადებს კონკურსს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტრო.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა