მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა 2 წელია განკარგულებებს არ ასაჯაროებს და ირღვევა კანონი - კორუფციის რისკები (?!)

631d91aac4e51
თელარა გელანტია
11.09.22 12:49
1525
საქართველოს მთავრობის ვებგვერდზე ბოლო განკარგულება 2020 წლის სექტემბრით თარიღდება, ხოლო 2021 წელს მიღებული არცერთი განკარგულება საჯარო არ გამხდარა. მდგომარეობა არც წელს გამოსწორებულა. ამასობაში მთავრობის ადმინისტრაციამ ახალი ვებგვერდი შექმნა, სადაც არქივის ატვირთვა ხდება, მაგრამ 2020 წლის სექტემბრის შემდეგ მიღებული განკარგულებები არც განახლებულ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

აღსანიშნია, რომ საქართველოს მთავრობის რეგლამენტი ირაკლი ღარიბაშვილის ადმინისტრაციას პირდაპირ ავალდებულებს, მთავრობის მიერ მიღებული განკარგულებები, გარდა სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებული საკითხებისა, მიღებიდან ვებგვერდზე არა უგვიანეს 3 დღისა, ატვირთოს.

მაშინ რატომ არღვევს მთავრობა რეგლამენტს და რატომ არ აქვეყნებს დოკუმენტებს, რომელთა გასაჯაროების ვალდებულება აქვს - BMG-ის მცდელობის მიუხედავად, ჯერჯერობით, მთავრობის ადმინისტრაციიდან პასუხი ამ კითხვებზე ვერ მივიღეთ. არადა თითქმის ყველა მთავრობის სხდომაზე მინიმუმ სამი განკარგულება მაინც მტკიცდება, რომელთა თემატიკა მრავალფეროვანია და მთავრობის დღის წესრიგიდანაც ვხვდებით, რომ ხშირია სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზაცია, სიმბოლურ ფასად ქონების გადაცემა ფიზიკური პირებისთვის თუ კომპანიებისთვის და ა.შ. ამიტომ ლოგიკურია, რომ გამოუქვეყნებელი განკარგულებები ეჭვებს უჩენს არასამთავრობო სექტორსაც. მათ შორისაა „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“, რომლის ერთ-ერთი მიზანი გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების ხელშეწყობით საქართველოში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაა.

ორგანიზაციის უფროსი ანალიტიკოსი ეჭვობს, რომ როცა ორი წლის განმავლობაში მთავრობა განკარგულებებს არ აქვეყნებს, ეს დიდი ალბათობით, უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე მიღებული გადაწყვეტილებაა.

„მთავრობის სხდომების დღის წესრიგის თემებს თუ ნახავთ, იქ ძალიან ხშირად არის თემები, რომლებიც სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გადაცემას ან პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზაციას ეხება, მაგრამ რის საფუძველზე მიიღება ეს გადაწყვეტილებები, ვისთან მიდის ეს ქონება, რა პირობებით გადაეცემა კონკრეტულ ფიზიკურ პირებს თუ კომპანიებს უძრავი ქონება და სახელემწიფო რესურსები, უცნობი რჩება, რაც ძალიან პრობლემური ამბავია. არსებობს უამრავი კვლევა, რომელიც მიანიშნებს კორუფციულ რისკებზე ამ პროცესში და ის ფაქტი, რომ მთავრობა არ აქვეყნებს განკარგულებებს, ამ მოსაზრებას უფრო ამყარებს“, - აცხადებს Bm.ge-სთან სანდრო ქევხიშვილი, TI-ს უფროსი ანალიტიკოსი.

თემაზე მუშაობისას დავუკავშირდით ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტსაც (IDFI), რომელმაც ჯერ კიდევ 2020 წლის დეკემბერში მთავრობის ადმინისტრაციის წინააღმდეგ სარჩელი სასამართლოში შეიტანა და 2020 წლის მარტიდან სექტემბრის ჩათვლით მიღებული მთავრობის განკარგულებები მოითხოვა, მაგრამ როგორც IDFI-ის წარმომადგენელი გიორგი ავალიშვილი BM.ge-სთან ინტერვიუში ყვება, სასამართლოს სხდომაც არ ჩატარებულა, ანუ მთავრობის ადმინისტრაცია განკარგულებებს არც ტვირთავს ვებგვერდზე და საჯარო ინფორმაციასაც როცა ითხოვს ორგანიზაცია, არც მაშინ გასცემს.

„უკვე ორი წელი გადის, რაც მთავრობის ადმინისტრაციის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შევიტანეთ, მაგრამ ჯერ პირველ ინსტანციაში კი სხდომა არ გამართულა. ზუსტი მიზეზი არ ვიცით. ხან მოსამართლე შეიცვალა... შემდეგ იყო მოსამზადებელი სხდომა, სადაც მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მოგვაწვდიდა ჩვენ მიერ გამოთხოვილ ინფორმაციას; შემდეგ covid-პანდემია მოიმიზეზეს... სულ ბოლოს კი, მიმდინარე წლის მარტში თქვეს, რომ მოდით, ვიდაოთ ამ საკითხთან დაკავშირებითო და მოსამართლემ პირველი სხდომა გაურკვეველი ვადით გადადო. დღემდე ველოდებით.

აბსოლუტურად დარწმუნებული ვართ, რომ სასამართლოს გზით მივიღებთ ამ ინფორმაციას, რადგან არანაირი მექანიზმი არ არსებობს, რომ საქართველოს მოქალქემ აღნიშნული საჯარო დოკუმენტები არ მიიღოს. უბრალოდ, აქ პრობლემაა დრო, რადგან ინფორმაცია მალფუჭებადია და მას მნიშვნელობა დროის გარკვეულ პერიოდში აქვს. ის, რაც შეიძლება, მაღალი საჯარო ინტერესის საგანი იყო გუშინ, ოთხი წლის შემდეგ, შეიძლება აქტუალობა დაკარგოს და მთავრობის საქმიანობის სათანადო ზედამხედველობა ვერ მოხდეს“, - აცხადებს ლევან ავალიშვილი.

IDFI-ის წარმომადგენლის თქმითვე, დიდი ხანია საჯარო ინფორმაციის კანონმდებლობის რეფორმას ითხოვენ, რათა იმ უწყებებს, რომლებიც საჯარო ინფორმაციას არ გასცემენ, სანქციები დაუწესდეთ, მაგრამ უშედეგოდ.

„ამ შემთხვევაში საქართველოს მთავრობა არ გასცემს იმ ინფორმაციას, რომელიც ეკუთვნის საქართველოს მოქალაქეებს და სასამართლო სისტემა კი, არ ასრულებს თავის ვალდებულებას და არ გვაძლევს საშუალებას, უფრო ეფექტიანად გამოვიყენოთ ჩვენი უფლება; არადა, ეს ინფორმაცია მნიშვნელოვანია, რადგან განკარგულებების მიხედვით შეგვიძლია გადავამოწმოთ რა პირობით და ვისზე გასცემს მთავრობა სახელმწიფო ქონებას, სრულდება თუ არა საინვესტიციო ვალდებულებები, ან კიდევ ის ფიზიკური თუ იურიდიული პირები, ვისზეც პირდაპირი მიყიდვის ფორმით ხდება ქონების პრივატიზაცია, შემდეგ მმართველ პარტიას სწირავენ თუ არა თანხას და ა.შ. ამდენად, ორი წლის განმავლობაში განკარგულებების არგამოქვეყნება ბევრ ეჭვს აჩენს“, - აღნიშნა ლევან ავალიშვილმა.

გამომდინარე იქიდან, რომ 2020 წლის მარტიდან ამავე წლის ბოლომდე მთავრობის ადმინისტრაციას ვებგვერდზე მხოლოდ სამი განკარგულება აქვს განთავსებული და იმ პერიოდში პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია იყო, ვესაუბრეთ ადმინისტრაციის მაშინდელ ხელმძღვანელსაც. ნათია მეზვრიშვილი IDFI-ის მიერ სასამართლოში დაწყებული დავის საქმის კურსში არ იყო, მაგრამ მიმდინარე პერიოდში (2020 წლის მარტი-სექტემბერი) განკარგულებების არგამოქვეყნება covid-პანდემია და საგანგებო რეჟიმში მუშაობას დაუკავშირა. ამასთან, მისთვის გაუგებარია, ახლა მაინც მთავრობის ადმინისტრაცია რატომ არ გასცემს და არ ასაჯაროებს 2020 წლის განკარგულებებს.

„როგორც ჩანს, მთავრობას რაღაცა აქვს დასამალი, ამიტომ არ აქვეყნებს განკარგულებებს, რომელიც საჯარო უნდა იყოს. ჩვენ გვსმენია ბევრი ბრალდება შესაძლო კორუფციულ გარიგებებთან დაკავშირებით, განსაკუთრებით ელიტურ კორუფციასთან დაკავშირებით და როგორც ჩანს, არის რაღაც დასამალი, რის გამოც მთავრობამ ეს გადაწყვეტილება მიიღო“, - აცხადებს მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი BM.ge-სთან ინტერვიუში.

ცნობისთვის: 2020 წლის მარტამდე ანუ პანდემიამდე და წინა წლებში მთავრობის განკარგულებები აქტიურად იტვირთებოდა. ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის პერიოდში კი საერთოდ არ ქვეყნდება. IDFI-ში დარწმუნებულები არიან, რომ მთავრობის ადმინისტრაციას სასამართლო დავას მოუგებენ და მათ ყველა განკარგულების გასაჯაროება მოუწევთ. #წერტილი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები