მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა 2021 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზს 9.5%-მდე ზრდის

615abedbeb107
შოთა ტყეშელაშვილი
04.10.21 12:46
1364
საქართველოს მთავრობა 2021 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზს 9.5%-მდე ზრდის. ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. 

ცვლილება უკვე ასახულია "ძირითადი ეკონომიკური და ფინანსური ინდიკატორების" დოკუმენტში, რომლის მიხედვითაც წელს ნომინალურად საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი 58.4 მილიარდ ლარს მიაღწევს, რაც $18.1 მილიარდი აშშ დოლარი იქნება. ამასთან, 2022 წლისთვის მთავრობის საპროგნოზო ეკონომიკური ზრდა 6% იქნება.

საქართველოს მთავრობის ახალი პროგნოზი ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით უფრო მაღალია, ვიდრე სებ-ის მიერ განახლებული პროგნოზი, რომლითაც წელს 8.5%-იანი ზრდა იყო მოსალოდნელი. 

ოფიციალური სტატისტიკით, 2021 წელს საქართველოში განსაკუთრებულად მაღალი ეკონომიკური ზრდა ფიქსირდება. მიმდინარე წლის აგვისტოში ზრდა 10.3% იყო, ხოლო 8 თვეში ჯამურად - 12%.

ასეთ მაღალ ზრდაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ე.წ. “საბაზო ეფექტმა”. ამის მიზეზია ის ფაქტი, რომ წლევანდელი რეალური ეკონომიკური ზრდა დარდება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს, 2020 წლის პირველ 8 თვეში კი ქვეყანაში ზრდის ნაცვლად 5.6%-იანი ეკონომიკური ვარდნა იყო. შარშან ეკონომიკური ვარდნის მიზეზი პანდემიური ეკონომიკური კრიზისი და მკაცრი ლოქდაუნი იყო, რომლის გამოც, ქვეყანაში გაიზარდა უმუშევრობა, 0-მდე შემცირდა საერთაშორისო ტურიზმი, ხოლო ბიზნესს საქმიანობა შეეზღუდა.

რეალური ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის კალკულაციით გამოდის, რომ 2021 წლის პირველ 8 თვეში საქართველოს მშპ-ის ზომა 2019 წელთან შედარებით 6.4%-ით არის გაზრდილი. შესაბამისად, ჩავარდნილი 2020 წლის გამოტოვებით გამოდის, რომ წელს ქვეყნის ეკონომიკა 2019 წელთან შედარებით რეალურად 6.4%-ით გაიზარდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები