მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა ახალ საგადასახადო შეღავათებს აღარ გამოაცხადებს, მოქმედს კი - გადახედავს

5fe49e9760328
შოთა ტყეშელაშვილი
24.12.20 18:18
2048
საქართველოს მთავრობა ახალ საგადასახადო შეღავათებს აღარ გამოაცხადებს, ძველ შეღავათებს კი გადახედავს. საგადასახადო მიმართულებით დაგეგმილი ცვლილებები პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ დააანონსა, ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა, ივანე მაჭავარიანმა BMG-ისთან ამ თვალსაზრისით მოსალოდნელ ცვლილებებზე ისაუბრა. 

მაჭავარიანის განცხადებით, ფინანსთა სამინისტრომ შეისწავლა ქვეყანაში მოქმედი საგადასახადო შეღავათების ეფექტიანობის მაჩვენებლები და დაასკვნა, რომ მათი უდიდესი ნაწილი რეალურად არ ასრულებს იმ ფუნქციებს, რომლისთვისაც პარლამენტმა ისინი მიიღო. მინისტრს ამის მაგალითად თხევად გაზზე დაწესებული შეღავათი მოჰყავს, რომელიც პარლამენტმა წელს გააუქმა. მინისტრის თქმით, ეს შეღავათი გათვლილი იყო მოსახლეობის იმ ნაწილზე, რომლებიც ქვეყნის ისეთ რეგიონებში ცხოვრობენ, სადაც ჯერ გაზიფიცირება არ მომხდარა, რის გამოც, მათ თხევადი გაზის შესყიდვა უხდებათ. ამ ადამიანებისთვის გაზის გაძვირების თავიდან აცილების მიზნით მთავრობამ არ გაზარდა ამ პროდუქტზე მოსაკრებელი, თუმცა ფინანსთა მინისტრის თქმით, საგადასახადო შეღავათით მოსახლეობაზე მეტად ის პირები სარგებლოდნენ, რომლებიც ამ გაზს ავტომობილებში ასხამდნენ. ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის თქმით, ბევრად უფრო ეფექტიანია გადაწყვეტა, როდესაც საგადასახადო შეღავათის დაწესების ნაცვლად, მოხდება პირდაპირი სუბსიდირება იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც თხევად გაზს იყენებენ. ამ შემთხვევაში საგადასახადო შეღავათის არადანიშნულებისამებრ გამოყენების შემთხვევები თავიდან იქნებოდა აცილებული. 

"ბოლო 30 წლის განმავლობაში ჩვენ ქვეყანაში არაერთი საგადასახადო შეღავათი მივიღეთ - გავაკეთეთ ამ შეღავათების სერიოზული ანალიზი. ზოგიერთი შეღავათი არის მიზანშეწონილი ეკონომიკურად, თუმცა უმეტესი საგადასახადო შეღავათი არ ემსახურება იმ მიზანს, რისთვისაც ის დაწესდა. ყოველთვის სჯობს, რომ შევქმნათ სახელმწიფო პროგრამა, რომელიც უშუალოდ ამ მოწყვლად ჯგუფს, მოემსახურება და მათ შეუმსუბუქებს ყოფას და არ წავიდეთ საგადასახადო შეღავათის დაწესების გზით. ეს არ არის ჩვენი აღმოჩენა და ეს არ არის ახალი ამბავი - ასე ხდება პრაქტიკულად ყველგან...

იმ 20 მილიონი ლარიდან, რომელსაც თხევადი გაზის საგადასახადო შეღავათის გამო არ იღებდა ბიუჯეტი, ეს თანხა რომ მიეღო ბიუჯეტს კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა ექნებოდა, რათა იგივე ის სოციალური პროექტები დაეფინანსებინა, რისთვისაც ეს საგადასახადო შეღავათი შეიქმნა.

მონიშნული კი არა დათვლილი გვაქვს, რამდენი შეღავათია ასეთი, თუმცა, ვხვდებით, რომ დღეს რომ მივიდეთ რომელიმე სექტორთან და ვუთხრათ, რომ საგადასახადო შეღავათებს ვაუქმებთ, ეს ძალიან მძიმე იქნება. თუმცა, როგორც მინიმუმ ახალი შეღავათების დაწესებისგან უნდა შევიკავოთ თავი, რა პერიოდშიც ძველ შეღავათებს უნდა გადავხედოთ", - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა. 

BMG შეეცდება დაადგინოს, თუ რომელი საგადასახადო შეღავათების ეტაპობრივ გაუქმებას გეგმავს ფინანსთა სამინისტრო.