მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მთავრობა $751 მილიონის სესხს იღებს ლოკომოტივების შესყიდვის და მაგისტრალის მშენებლობისთვის

საქართველოს რკინიგზა მატარებელი

საქართველოს მთავრობა საერთო ჯამში 751 მილიონი დოლარის სესხს იღებს საქართველოს რკინიგზისთვის ახალი ლოკომოტივების მშენებლობის და კახეთში საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის. აღნიშნული სესხის მიღება დაგეგმილია მსოფლიო ბანკის ჯგუფიდან (WB), აზიის განვითარების ბანკისგან (ADB) და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკისკან (AIIB). დღეს მსოფლიო ბანკის დირექტორთა საბჭომ დაამტკიცა ამ სასესხო შეთანხმების ყველაზე მსხვილი 372 მილიონი დოლარის საკრედიტო დაფინანსება, ხოლო ADB-თან მიმდინარეობს მუშაობა 175 მილიონი დოლარის; AIIB-ისგან კი 182 მილიონი დოლარის მიღების თაობაზე.

372-მილიონიანი საკრედიტო დაფინანსებით, საქართველოს რკინიგზისთვის 190 მილიონი დოლარი არის გათვალისწინებული, რაც ახალი ლოკომოტივების შესყიდვაზე, ასევე ელექტრო ქვესადგურების მოდერნიზება-მშენებლობაზე და რკინიგზის ინსტიტუციურ გაძლიერებაზე უნდა დაიხარჯოს. 180 მილიონი დოლარით კი იგეგმება ბადიაურიდან ჩალაუბნამდე და ჩალაუბნიდან ბაკურციხემდე ოთხზოლიანი მაგისტრალის მშენებლობა. ასევე დაგეგმილია გურჯაანიდან თელავამდე გზის მშენებლობა.

"რკინიგზისა და საავტომობილო გზების მიმართულებით განხორციელებული ეს ინვესტიციები შუა დერეფნის ეფექტიანობის გაზრდისთვის მორიგი მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რაც ასევე ხელს შეუწყობს ქვეყნის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის პროდუქტიულობის და მდგრადობის გაუმჯობესებას და საქართველოს გრძელვადიან ეკონომიკურ ზრდას დერეფნის გასწვრივ ტვირთების უფრო სწრაფი და უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფით. აღნიშნული ინვესტიციები მნიშვნელოვანია, როგორც საქართველოს ეკონომიკური განვითარებისთვის, ასევე მზარდი საერთაშორისო სავაჭრო ნაკადებისა და უფრო დივერსიფიცირებული და უსაფრთხო მიწოდების ჯაჭვების მხარდაჭერისთვისაც. შესაბამისად, პროექტს განახორციელებს სს საქართველოს რკინიგზა და საავტომობილო გზების დეპარტამენტი,"- ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

2026 წლის მაისის დასაწყისში საქართველოს რკინიგზამ განვითარების ახალი გეგმები წარადგინა, რაც მოიცავს 10 ახალი სამგზავრო შემადგენლობის, 50 ახალი ლოკომოტივის და 1500 ახალი სატვირთო ვაგონის შესყიდვას. ასევე ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას და მატარებლების გადაადგილების სიჩქარის გაზრდას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები