დღეს სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებულ სისტემაში დარეგისტრირდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ იურიდიულ კომპანია Hogan Lovells-თან 342,200 ევროდ (1.17 მილიონ ლარად) გაფორმებული ხელშეკრულება. სამინისტრო იურისტებს ფოთის ახალი ტერმინალის მშენებლობის პროექტის ფარგლებში სახელმწიფოს მხრიდან სამართლებრივი დოკუმენტაციის მომზადებისთვის ქირაობს.
სახელმწიფო შესყიდვების ვებგვერდიდან ირკვევა, რომ "კორპორაცია „ფოთის საზღვაო ნავსადგურმა“ 2020 წლის 11 თებერვალს წერილით მიმართა საქართველოს მთავრობასა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ახალი ღრმაწყლოვანი მრავალფუნქციური ნავსადგურის მშენებლობის პროექტით. ამ წინადადებაზე შესაბამისი პასუხის და პირობების მომზადებისთვის ქირაობს მთავრობა უცხოელ იურისტებს.
სამინისტროს მიერ შესყიდვების სააგენტოსთვის წარდგენილ განაცხადში ნათქვამია, რომ ქვეყანას ახალი პორტი ესაჭიროება, რადგანაც 2019 წელს საკონტეინერო გადაზიდვის მიმართულებით პიკური მაჩვენებელი დადგა და ზრდის ტემპის გაგრძელების შემთხვევაში ის უკვე 2021 წელს არ იქნება საკმარისი.
"2019 წელს საქართველოს საზღვაო ნავსადგურების მიერ ჯამურად გადამუშავებულმა კონტეინერების რაოდენობამ შეადგინა 647,816 TEU, რაც 2018 წელთან შედარებით 42.7%-ით მეტია. საქართველოს პორტების კონტეინერების გადამუშავების მაქსიმალურ შესაძლებლობას წარმოადგენს 750,000 TEU-ს რაც, ტენდენციების გათვალისწინებით უკვე 2021 წელს საკმარისი არ იქნება მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რამაც შესაძლოა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შეფერხებაც გამოიწვიოს,"- ნათქვამია სამინისტროს მიერ წარდგენილ წინადადებაში.
შეგახსენებთ, რომ ფოთის პორტის ოპერატორის, APM Terminals-ის განცხადებით, კომპანია ახალი ნავმისადგომის აშენებისთვის $200 მილიონი დოლარის ინვესტიციას გეგმავს.