მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა საკუთარ სახელფასო ფონდს 57 მილიონი ლარით ამცირებს

5edf32bc1eada
შოთა ტყეშელაშვილი
09.06.20 10:47
1666
საქართველოს მთავრობა 2020 წლის განმავლობაში საჯარო სექტორში დასაქმებულთა ანაზღაურების სახელფასო ფონდს 57 მილიიონი ლარით შეამცირებს და ის 1.839 მილიარდი ლარი იქნება. ამის შესახებ მთავრობის მიერ წარდგენილი ანტიკირიზისული ბიუჯეტიდან ხდება ცნობილი. 

ამას გარდა, ხარჯების შემცირება დაგეგმილია "საქონელის და მომსახურების" ბიუჯეტშიც, რომლიდანაც მთავრობა სხვადასახვა სახის მიმდინარე ხარჯებს აფინანსებს, მათ შორის ბიუჯეტის ამ მუხლიდან გაიცემა "შტატგარეშე მოხელეთა" ხელფასებიც. ჯამურად, "საქონელი და მომსახურების" მუხლი 107 მილიონი ლარით მცირდება, თუმცა, ეს შემცირება ეხება ძირითად მიმდინარე ხარჯებს, ხოლო COVID-19-ის კრიზისიდან გამომდინარე, ამ მუხლიდან 195 მილიონი ლარის დახარჯვა არის დაგეგმილი. შედეგად, ბიუჯეტის ეს ნაწილი იზრდება და მისი ზომა 1.86 მილიარდი ლარით იქნება განსაზღვრული. 

სუბსიდიების მუხლში არა-COVID ხარჯები 77 მილიონი ლარით მცირდება, ხოლო სხვა მიმართულების ხარჯები კი 559 მილიონი ლარით იზრდება. ჯამურად, სუბსიდიების ზომა 1.5 მილიარდი ლარით იქნება განსაზღვრული.

დღესვე მთავრობამ ცალკეული სამინისტროების დაფინანსების შემცირების გეგმაც წარადგინა. ყველაზე მეტად, 251 მილიონი ლარით ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტი მცირდება, ხოლო 177 მილიონი ლარით განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ბიუჯეტის შემცირება არის დაგეგმილი. ჯამურად ამ შემცირებებით 600 მილიონი ლარის დაზოგვა არის დაგეგმილი, რისი უდიდესი ნაწილის მიმართვაც სოციალურ ხარჯებზე მოხდება.

უწყებების მიხედვით, შემცირებები ასეთია:

● ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტი 251 მლნ ლარით მცირდება;
● განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო - 177.7 მლნ ლარით მცირდება;
● თავდაცვის სამინისტრო - 75 მლნ ლარით ლარით მცირდება;
● ქალაქ თბილისის ტრანსფერი - 35 მლნ ლარით მცირდება;
● ეკონომიკის სამინისტროს ტრანსფერი - 26 მლნ ლარით მცირდება;
● სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის სამინისტრო - 15 მლნ ლარით მცირდება;
● ფინანსთა სამინისტრო - 12 მლნ ლარით მცირდება;
● შსს 10 მილიონი ლარით მცირდება;
● საერთო სასამართლოები - 8 მლნ ლარით მცირდება;
● პარლამენტი - 4 მლნ ლარით მცირდება;
● საგარეო საქმეთა სამინისტრო - 3 მლნ ლარით მცირდება.

ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიორგი კაკაურიძის განცხადებით, ბიუჯეტის მიმდინარე ხარჯები (არა-COVID) ხარჯები 301 მილიონი ლარით მცირდება, კაპიტალური ხარჯები კი 298 მილიონი ლარით. ამასთან მიმდინარე ხარჯები, რომლებიც ანტიკრიზისულ გეგმას უკავშირდება 1.8 მილიარდი ლარით განისაზღვრება და ამ მხრივ მატება არის დაგეგმილი, ხოლო ანტიკრიზისული კაპიტალური ხარჯების ზომა კი 118 მილიონი ლარი იქნება. ჯამურად, ერთი მხრივ მიმდინარე ხარჯები 600 მილიონი ლარით მცირდება, ხოლო ანტიკრიზისული ხარჯები კი 1.9 მილიარდი ლარით განისაზღვრება. ამ ფაქტორების ერთობლიობით, ნაერთი ბიუჯეტის ჯამური ხარჯები წარსულში არსებული 14.5 მილიარდი ლარიდან, 15.8 მილიარდ ლარამდე იზრდება. 

უფრო დეტალურად, ბიუჯეტის პარამეტრებს მათი გამოქვეყნებისთანავე შემოგთავაზებთ.