21.ნოემბერი .2019 10:15

მთავრობა სესხების ეროვნულ ვალუტაში გაცემაზე 200 ათას ლარიანი ზღვარის შემცირებას განიხილავს

views 1355
უკან

პრემიერ–მინისტრმა გიორგი გახარიამ ფინანსთა მინისტრს დაავალა, მთავრობის მომდევნო სხდომამდე განიხილოს, რამდენად შესაძლებელია ეროვნულ ვალუტაში გასაცემი სესხების 200 ათას ლარიანი ზღვარი შემცირდეს.

"ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ჩვენი ქვეყნის უახლოესი წლების განმავლობაში ყველაზე დიდი გამოწვევაც და მიზანიც იქნება ეკონომიკური ზრდა და პირველ რიგში, სამუშაო ადგილები და ყველაფერი ის, თუ რა ხდება ჩვენს სოციალურ ან პოლიტიკურ ცხოვრებაში, როგორც კი იძენს დესტაბილიზაციის ხასიათს, გადადის ქუჩაში, იძენს უკანონო ქმედებების სასხეს, რა თქმა უნდა, პირდაპირ ზეგავლენას ახდენს ჩვენი ცხოვრების ასეთ მნიშვნელოვან განზომილებაზე, როგორიც გახლავთ ეკონომიკური ცხოვრება, ამიტომ ის უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები, რომლებიც არ ითვალისწინებენ ჩვენი მოქალაქეების, ქვეყნის განვითარებისთვის ყველაზე მნიშვნელოვან განზომილებას და კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავს, რომ ეს გახლავთ ეკონომიკური ზრდა, განვითარება და რა თქმა უნდა, სამუშაო ადგილების შექმნა, ჩვენ როგორც პასუხისმგებლიანმა ძალამ და მთავრობამ გარკვეული ნაბიჯები უნდა გადავდგათ იმისთვის, რომ მსგავს გამოწვევებს პასუხი გავცეთ.

ამიტომ დღეს მე მინდა ეკონომიკური ზრდის რისკების, ეკონომიკური ზრდის დაჩქარების უზრუნველსაყოფად ფინანსთა მინისტრს დავავალო, ის შემზღუდველი ელემენტი, რომელიც ჩვენ დავაწესთ, უცხოურ ვალუტაში დაკრედიტების ზღვარი 200 ათასი ლარის ფარგლებში, განიხილოთ შესაძლებლობა და მომავალი მთავრობის სხდომაზე წარმოადგინოთ, რამდენად შესაძლებელია, ეს ზღვარი შეამციროთ 100 ათას ლარამდე.

გარდა ამისა, მინდა ეროვნულ ბანკს მოვუწოდო, აქტიურად გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტი ფასების სტაბილურობის და ინფლაციის თარგეტირების უზრუნველსაყოფად", – განაცხადა პრემიერმა.