მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა უნივერსიტეტებს მოუწოდებს, სტუდენტებს სწავლის საფასურზე შეღავათები დაუწესონ

5ebebdcc22149
შოთა ტყეშელაშვილი
15.05.20 20:03
2221
საქართველოს მთავრობა ქვეყანაში მოქმედ უმაღლეს საგანმანათლებლო სასწავლებლებს მოუწოდებს, დანერგონ სტუდენტებისთვის დანერგონ საგადასახადო შეღავათები. განათლების სისტემის ანტიკრიზისული პროგრამაში არსებული ჩანაწერის მიხედვით, არიან უნივერსიტეტები, რომლებმაც გადახდის გადავადების გადაწყვეტილებაც მიიღეს.

უნივერსიტეტებში სწავლის გადასახადის შესახებ - განათლების ანტიკრიზისული გეგმა:

● უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს მიეცათ რეკომენდაცია სტუდენტთა სწავლის საფასურის გადახდის საშეღავათო პოლიტიკასთან დაკავშირებით;
● უნივერსიტეტებში სწავლის გადასახადი გადავადებულია ან შეთავაზებულია გადახდის მოქნილი ინდივიდუალური გრაფიკი;
● სამინისტრო სრულად უზრუნველყოფს 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის განსაზღვრული გრანტების, სტიპენდიებისა და პროგრამების დაფინანსებას.

ეროვნული გამოცდები - განახლებული გეგმა:

● აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა საგამოცდო პროცესის უსაფრთხოდ ჩატარების გეგმაზე და მუდმივი კონსულტაციები ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებთან;
● შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი იმოქმედებს ეპიდმდგომარეობისა და უწყებათაშორისი საბჭოს რეკომენდაციების შესაბამისად;
● საგამოცდო პროცესის ორგანიზებისას გათვალისწინებული იქნება უსაფრთხოების ყველა ზომა, მათ შორის დისტანცირების, ჰიგიენური ნორმების დაცვის თუ დეზინფექციის საკითხები. გამოცდის მსვლელობისას, რეკომენდირებული დისტანციის დაცვით, ერთ სივრცეში განთავსდება არაუმეტეს 10 აბიტურიენტისა.

უმაღლესი განათლება - დისტანციური სწავლება

● საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ხელმძღვანელობით გაიმართა რექტორთა საბჭო. უნივერსიტეტების რექტორებს მიეცათ რეკომენდაცია პერსონალის დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე გადაყვანასა და გაზაფხულის სემესტრის დაგეგმვასთან დაკავშირებით;
● სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა უნივერსიტეტებისთვის შეიმუშავა ელექტრონული სწავლების ხარისხის უზრუნველყოფის დამხმარე დოკუმენტი;
● უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს მიეცათ რეკომენდაცია, იხელმძღვანელონ ევროპის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების ასოციაციის (ENQA) მიერ შემუშავებული ელექტრონული სწავლების შიდა ხარისხის უზრუნველყოფის პრინციპებით;
● დისტანციური სწავლების ხელშემწყობი აპლიკაციებისა და ონლაინ პლატფორმების ჩამონათვალი გაზიარებულ იქნა უნივერსიტეტებთან. ისინი იყენებენ სხვადასხვა პლატფორმას ელექტრონულ რეჟიმში სასწავლო პროცესის წარმართვისთვის, ძირითადად: Zoom, Microsoft Teams, დაწესებულებების სასწავლო პროცესის მართვისთვის კი - ელექტრონულ სისტემებს Moodle, Google Classroom;
● უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ონლაინ სწავლებასთან შესაბამისობის მიზნით, მოდიფიცირდა სასწავლო გეგმები, გადაიხედა სწავლების მეთოდები და შეფასების სისტემები;
● უნივერსიტეტებმა შეიმუშავეს შესაბამისი გზამკვლევები და ვიდეოინსტრუქციები სტუდენტებისა და ლექტორებისთვის;
● ონლაინ ლექცია/სემინარების ჩანაწერები იტვირთება შესაბამის პლატფორმაზე და ხელმისაწვდომია სტუდენტებისთვის;
● შუალედური და ფინალური შეფასებების მექანიზმი განსაზღვრულია უნივერსიტეტების მიერ სამინისტროს რეკომენდაციის საფუძველზე;
● ფინალური გამოცდები ჩატარდება შეზღუდვების შემსუბუქების VI ეტაპზე საგანმანათლებლო დაწესებულებებში დაბრუნების შემდეგ უნივერსიტეტების გადაწყვეტილებით და ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტების რეკომენდაციების საფუძველზე;
● საბაკალავრო და სამაგისტრო ნაშრომების დაცვა მოხდება ინდივიდუალური გრაფიკის მიხედვით სტუდენტისა და ხელმძღვანელის შეთანხმების საფუძველზე.