მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უმაღლესი განათლების დაფინანსების ახალ მოდელზე მუშაობა გრძელდება - სამინისტრო

64a8fc7f09394
BM.GE
08.07.23 10:22
701
განათლების სამინისტრო უმაღლესი განათლების დაფინანსების ახალ მოდელზე მუშაობას აგრძელებს. როგორც უწყება იტყობინება, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა მონაწილეობა მიიღო მსოფლიო ბანკის მიერ ორგანიზებულ ვორქშოფში, რომელიც უმაღლესი განათლების დაფინანსების მოდელის ცვლილებას მიეძღვნა. მინისტრმა, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებთან ერთად, დაფინანსების ახალი მოდელის დეტალები განიხილა და მისი განხორციელების გზებზე იმსჯელა.

"საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, მსოფლიო ბანკთან ერთად, აქტიურად მუშაობს უმაღლესი განათლების დაფინანსების ახალი მოდელის შექმნასა და დანერგვაზე, რომელიც უზრუნველყოფს უმაღლესი განათლების ხარისხის გაუმჯობესებას.

უმაღლესი განათლების დაფინანსების მოდელზე მუშაობა მსოფლიო ბანკის პროექტის „ინოვაცია, ინკლუზიურობა და ხარისხი - საქართველო I2Q” ფარგლებში მიმდინარეობს და ის თანხვედრაშია უმაღლესი განათლების ეროვნულ მიზნებთან და სტრატეგიულ პრიორიტეტებთან", - იტყობინება განათლების სამინისტრი.

შეგახსენებთ, უმაღლესი განათლების დაფინანსების ახალ მოდელზე განათლების სამინისტრო უკვე წლებია მუშაობს. გასული სასწავლო წლის დასაწყისში ცნობილი იყო, რომ კონცეფციის ნაწილი უკვე შემუშავებული იყო და უმაღლეს სასწავლებლებთან კონკრეტული განხილვებიც მიმდინარეობდა. მაშინ განათლების სამინისტროში ამბობდნენ, რომ ახალი მექანიზმით უნივერსიტეტებს საშუალება უნდა მიეცეს, არ იყვნენ დამოკიდებული მხოლოდ სტუდენტების გადასახადებზე. როდიდან ამოქმედდება ახალი მოდელი, ჯერჯერობით უცნობია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები