უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების დამოუკიდებელი სააგენტოების ევროპულ რეესტრში [EQAR] საქართველოს ახლა უკვე ყოფილი წევრის სტატუსი აქვს.
ENQA-ს მიერ 2023 წელს მომზადებულ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის გარე შეფასებაში მისი ორგანიზაციული დამოუკიდებლობის გამოწვევის გამო საქართველოს EQAR-ის რეგისტრაცია ოფიციალურად გასული წლის ბოლოს შეუჩერდა, თუმცა ამ დროისთვის, EQAR-ის ოფიციალურ გვერდზე ცენტრი უკვე ყოფილი წევრების სიაშია შეყვანილი.
განათლების ექსპერტები მიიჩნევენ, რომ EQAR-ის წევრობის შეწყვეტა ქართული უმაღლესი განათლების სისტემისთვის სერიოზული რეპუტაციული ზიანია. შალვა ტაბატაძის თქმით, გარდა რეპუტაციული ზიანისა, EQAR-ის წევრობის შეწყვეტა საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებების მიმართ ნდობის შერყევას გამოიწვევს და ქართული უნივერსიტეტების პროგრამების აღიარება აღარ იქნება ისეთი სანდო და ვალიდური, როგორც მანამდე იყო.
„EQAR-ის გვერდზე არის ჩამონათვალი, რომელთაც შეუჩერდათ აგრეთვე რეგისტრაცია. ამ ჩამონათვალში ინსტიტუციები ან ტრანსფორმირდნენ, გაერთიანდნენ სხვა უწყებებთან ან სისტემა შეიცვალა სახელმწიფოში და სხვა სააგენტოები გახდნენ ან ზოგიერთ შემთხვევაში, მაგალითად რუსეთის ფედერაციის სააგენტო, იყო კოსოვოს სააგენტო, იყო სერბეთის შემთხვევა, როდესაც შეუჩერდათ მათ სწორედ სხვადასხვა მიზეზით. ამ ჩამონათვალში ყოფნაც კი არის უკვე პრობლემური.
მთავარი პრობლემა აქ არის რეპუტაციული ზიანი, რომლის შექმნასაც სჭირდებათ წლები. საქართველომ მოახერხა ხარისხიან განათლების რეპუტაცია შეექმნა მთელ მსოფლიოში, მათ შორის ევროპულ სივრცეში. ეს რეპუტაცია მთლიანად ინგრევა. მეორე ეს არის ნდობა, ნდობა აღარ აქვთ არც საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს და არც ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ აკრედიტებულ დაწესებულებებს, რაც კონკრეტულ პრობლემებში შეიძლება გადაიზარდოს. მაგალითად, გაცილებით მარტივად აკეთებდნენ ჩვენი უმაღლესი განათლების დაწესებულებები ორმაგი დიპლომის პროგრამებს, თანამშრომლობის პროგრამებს ევროკავშირის ქვეყნების უნივერსიტეტებთან. რა თქმა უნდა ეს პრობლემური იქნება იმიტომ, რომ მათთვის ჩვენი ქართული უნივერსიტეტების პროგრამების აღიარება აღარ იქნება ისეთი სანდო და ვალიდური, როგორც მანამდე იყო. ეს აისახება სწორედ უნივერსიტეტის ორმაგ პროგრამებში.
ეს აისახება ზოგად თანამშრომლობაზეც რა თქმა უნდა. როდესაც უნივერსიტეტი ავტორიზებულია, პროგრამები აკრედიტებულია ამ ტიპის სააგენტოს მიერ, რომელიც EQAR-ის რეესტრში არის რეგისტრირებული სხვა ტიპის თანამშრომლობაა, მათ შორის გაცვლითი პროგრამები, კვლევითი პროგრამები ხორციელდება. ეს პროგრამები კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება იგივე ევროპული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მხრიდან. ისე ხშირი გაცვლითი პროგრამები, როგორიც ჰქონდათ უნივერსიტეტებს, ვეღარ ექნებათ.
თუ პროცესი კიდევ უფრო გაღრმავდა და Erasmus-ის პროგრამაში მონაწილეობა ან მსგავსი ტიპის პროგრამებში მონაწილეობისთვის სამთავრობო თანხმობა გახდა საჭირო, რა თქმა უნდა ეს მთლიანად ჩაკლავს ამ შესაძლებლობას. აღარ ვლაპარაკობ ცალკეული ქვეყნების მიერ დაწესებულ შეზღუდვებზე. შეიძლება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებს ჰქონდეთ სურვილი თანამშრომლობის, მაგრამ სახელმწიფოს პოლიტიკაა, რომ აღარ არის სანდო ამ ქვეყნის უმაღლესი განათლების დაწესებულებებთან თანამშრომლობა. მე არ ვამბობ, რომ დღეს იგრძნობენ ამას უნივერსიტეტები და სტუდენტები, მაგრამ 1-2 წლის პერსპექტივაში ეს აისახება ჩვენს გაცვლით პროგრამებზე, ჩვენი უნივერსიტეტების ხარისხზე და მათ მიერ განხორციელებულ გაცვლით პროგრამებსა, ორმაგი დიპლომებისა თუ თანამშრომლობით პროგრამებზე“,-აცხადებს შალვა ტაბატაძე.
ENQA-ს მიერ 2023 წელს მომზადებულ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის გარე შეფასებაში მისი ორგანიზაციული დამოუკიდებლობის გამოწვევის გამო საქართველოს EQAR-ის რეგისტრაცია ოფიციალურად გასული წლის ბოლოს შეუჩერდა. მას შემდეგ, რაც ეს ინფორმაცია განათლების ექსპერტებმა გამოიტანეს დღის შუქზე, განათლების ხარისხის ეროვნულმა ცენტრმა მხოლოდ მაშინ დაადასტურა ინფორმაცია, თუმცა თქვა, რომ ხარვეზები აღმოფხვრილია და აღნიშნულ გადაწყვეტილებასაც გაასაჩივრებდნენ. განათლების ხარისხის ეროვნული განვითარების ეროვნული ცენტრი დღემდე არ გვპასუხობს კითხვაზე, გასაჩივრდა თუ არა EQAR-ის გადაწყვეტილება და რა შედეგი მოჰყვა ამ საჩივარს. მათ EQAR-ის წევრობის შეწყვეტაზეც არ ისურვეს დღეს განმარტებების გაკეთება.
რამდენიმე დღის წინ ჩვენთვის გამოგზავნილი ინფორმაციიდან ხდება ცნობილი, რომ ქართულის მხარე ევროპული ორგანიზაციიდან გადაწყვეტილებაში მითითებულ რეკომენდაციებთან დაკავშირებით ფოკუსირებული შეფასების განხორციელებას ითხოვს.
EQAR ევროპული ორგანიზაციაა, რომელიც მხარს უჭერს უმაღლესი განათლების სფეროში გამჭვირვალობას და ნდობის ამაღლებას, ასევე ევროპის უმაღლესი განათლების სივრცეში განათლების აღიარებას.
რა კეთდება დაკარგული სტატუსის აღსადგენად, და ორგანიზაციის წევრობის დაკარგვით მოსალოდნელი შედეგების პრევენციისთვის, ამაზე განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრი და თავად სამინისტრო ჯერ მკაფიოდ არაფერს საუბრობს.