უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების დამოუკიდებელი სააგენტოების ევროპულ რეესტრში [EQAR] საქართველოს ყოფილი წევრის სტატუსი აქვს.
ENQA-ს მიერ 2023 წელს მომზადებულ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის გარე შეფასებაში მისი ორგანიზაციული დამოუკიდებლობის გამოწვევის გამო საქართველოს EQAR-ის რეგისტრაცია ოფიციალურად გასული წლის ბოლოს შეუჩერდა, თუმცა ამ დროისთვის, EQAR-ის ოფიციალურ გვერდზე ცენტრი უკვე ყოფილი წევრების სიაშია შეყვანილი.
განათლების მკვლევარი სიმონ ჯანაშია „საქმიან დილასთან“ საუბრისას აცხადებს, რომ ერთიანი სისტემებიდან ქვეყნის გაქრობა სტუდენტებში ნდობის შერყევის წინაპირობა გახდება. ქართული დიპლომის აღიარებისთვის საჭირო პროცედურების გართულება კი შესაძლოა ქვეყანაში უცხოელი სტუდენტების შემცირების წინაპირობა გახდეს.
შეწყვეტის მიზეზებზე საუბრისას ჯანაშია ხარისხის განვითარების ცენტრის დამოუკიდებლობის მხრივ არსებულ კითხვებთან ერთად, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გარშემო მიმდინარე პროცესებს ასახელებს.
„საქართველოს განათლების სისტემა საბჭოთა კავშირის დროს იყო ერთი სახელმწიფოს ნაწილი, არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა რას ფიქრობდა ამ განათლებაზე ევროპა, ამერიკა თუ აზია. იყო ჩაკეტილი სისტემა და როგორც უნდოდათ ისე აწყობდნენ. დღევანდელი განათლების სისტემა ისევე ღიაა, როგორც სახელმწიფო. შენ ვერ იარსებებ იმ მნიშვნელოვანი ინსტიტუტების გარეშე, რაც გარეთ არსებობს. მაგალითად, შენი სტუდენტი საქართველოში სწავლას რომ დაამთავრებს და დასავლეთში ან აღმოსავლეთში უნდა გააგრძელოს, იქ გასაგები უნდა იყოს რას წარმოადგენს მისი დიპლომი. იმისთვის, რომ გასაგები იყოს, იქმნება სხვადასხვა საერთაშორისო ორგანოები, რომელიც ახდენს შეჯერებას სხვადასხვა ქვეყნებში არსებული დიპლომების და განათლების ხარისხის.
ჩვენ 15 წელი ვიბრძოლეთ იმისთვის, რომ ასეთ რეესტრში გაწევრიანება მომხდარიყო არა ერთი კონკრეტული უნივერსიტეტის, არამედ მთელი საქართველოს განათლების სისტემების და წელს ამ რეესტრში ყოფნაზე გვითხრეს უარი. ეს ნიშნავს იმას, რომ დღეს ჩვენი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების განათლების აღიარება რომ მოხდეს, უფრო გრძელი გზაა გასავლელი ვიდრე იმ შემთხვევაში იქნებოდა თუ ამ სისტემასთან ვიქნებოდით თავსებადი.
შეიძლება ამასაც „დიპ სთეითი“ და „გლობალური ომის პარტია“ დაარქვან, მაგრამ სინამდვილეში ეს შედეგი დამსახურებაა იმისა, რომ სახელმწიფო მუდმივად ცდილობს დაიქვემდებაროს განათლების სისტემა. ხარისხის განვითარების ცენტრის დირექტორები წლების განმავლობაში იყვნენ მინისტრის მოადგილეები, გააფრთხილეს ერთხელ, მეორედ, მესამედ და მაინც იგივე გააგრძელეს. ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი, ასევე ილიას უნივერსიტეტს მიმართ გამოტანილი სასჯელი, სხვა უნივერსიტეტების მიმართ არსებული ქმედებები. ეს არის ინფორმაცია, რომელიც საქართველოს გარეთაც ვრცელდება და ამ ტიპის გადაწყვეტილებების მიღების საფუძველია“, - განაცხადა ჯანაშიამ.




























