მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"განათლების სისტემას მინისტრების ცვლილება მძიმედ გადააქვს" - რა გამოწვევებით ვხვდებით ახალ სასწავლო წელს?

განათლების სამინისტრო

განათლების ექსპერტი მარიამ რამინაშვილი აცხადებს, რომ განათლების სისტემას მინისტრების ცვლილება მძიმედ გადააქვს.

მან განათლების სექტორის და ინდუსტრიის გამოწვევებზე "საქმიანი დილას" ეთერში ისაუბრა და აღნიშნა, რომ მინისტრების ცვლილება, თანმდევი რეორგანიზაციებით და სამოქმედო გეგმის არ არსებობა საბოლოოდ განათლების ხარისხზე ნეგატიურად აისახება.

"ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა, რომელიც დღეს საგანმანათლებლო სივრცეში იკვეთება, ასეთი ხშირი ცვლილებები, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ არც განვითარებული ქვეყანა ვართ და სამწუხაროდ, არც მრავალწლიანი ერთიანი სტრატეგიული ხედვა გვაქვს ისე გაწერილი, რომელიც ყოველწლიურად ხორციელდება. ძალიან მძიმედ გადააქვს განათლების სისტემას მინისტრების ცვლილება. სასწავლო პროცესს განათლების სისტემა ხვდება განათლების სამინისტროს რეორგანიზაციით, მშვიდად, ჩუმად, რაღაცა მნიშვნელოვანი სიახლეების თუ იმ საქმიანობის გარეშე, რომელიც გადაუდებლად მნიშვნელოვანია სასწავლო პროცესის დაწყებისთვის და აუცილებელია ხარისხიანი საგანმანათლებლო პროცესის განსახორციელებლად.

ეს მდგომარეობა არა თუ საკადრო ცვლილების პრობლემას ქმნის, არამედ მთლიანად არყევს იმ ხაზს, რომელიც საგანმანათლებლო პროცესის ხარისხს განაპირობებს. სასწავლო პროცესს, ზოგადსაგანმანათლებლო სისტემა და უმაღლესი საგანმანათლებლო სისტემაც იწყებს ისე, რომ უახლესი გამოკვეთილი ერთწლიანი სამოქმედო გეგმა არ არსებობს, რას ელოდება სახელმწიფო ვთქვათ ამ სტრუქტურებისგან, ინსტიტუციებისგან და ინსტიტუციებიც ბუნებრივია მძიმე სიტუაციაში არიან, იქიდან გამომდინარე, რომ ინდივიდუალურ სამოქმედო გეგმებს თავადაც ვერ ქმნიან, იმიტომ, რომ არ არსებობს ერთიანი ხედვა, რომელზედაც შეიძლება სწორება მოხდეს. რეფორმების ცვლილების ეს რყევა, რომელსაც რატომღაც ყოველთვის თან სდევს საკადრო ცვლილებებიც, პირდაპირ პროპორციულად აისახება განათლების სისტემის ხარისხზე, მის გამართულ საქმიანობაზე და საბოლოო ჯამში ქმნის უარყოფით გავლენას განათლების ხარისხზე. მაგალითად, უკვე ორი წელია საგანმანათლებლო სისტემა უნდა ხვდებოდეს ახალი სტანდარტით, ეროვნული სასწავლო გეგმით, რომელიც დროის გამოწვევას მოერგება, ასევე იმ სიახლეებს, რომელიც არა მარტო ქართული სივრცისთვის, არამედ ზოგადად მსოფლიოში არსებულ ტენდენციებთან მიმართებით უნდა იყოს შეცვლილი. წელსაც, შარშანაც ვერ მოხერხდა ეროვნული სასწავლო გეგმის ცვლილება და ორივე შემთხვევაში სწორედ საკადრო ცვლილებები იყო ერთ-ერთი განმაპირობებელი. ეროვნული სასწავლო გეგმა და საგნობრივი სტანდარტების შეუცვლელობა, ფაქტობრივად მერე ქმნის იმ პრობლემას, რომ პროცესი აღარ არის თანმიმდევრული", - ამბობს განათლების ექსპერტი და დასძენს, რომ გამოწვევები ასევე კვლავ რჩება ინფრასტრუქტურის მიმართულებით.

მისივე თქმით, სისტემის გამოწვევად 2025 წლისთვის დარჩება სტატუსშეჩერებული მოსწავლეები.

"ომბუდსმენის ბოლო 2024 წლის შეჯამებით თუ ვიხელმძღვანელებთ, 3000-მდე ბავშვი ქვეყნიდან ოფიციალური განაცხადით წასულია, 10 000-მდე სტატუსშეჩერებულია, რაც ნიშნავს იმას, რომ აქედან ბევრმა არ დაასახელა რეალური მიზეზი. სკოლის მოსწავლის სასწავლო პროცესის შეწყვეტა და სხვა ქვეყანაში წასვლა საკმაოდ მძიმე გამოწვევაა ქვეყნისთვის.

შინაარსის თვალსაზრისით გამოწვევად რჩება ეროვნული სასწავლო გეგმა და ის სტანდარტები, რომელიც ყველას ინსტრუმენტია სასწავლო პროცესში, იმისთვის, რომ ხარისხი იყოს მიღწეული და პროცესი გამართულად მიმდინარეობდეს", - თქვა მარიამ რამინაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები