მთავრობა ხუდონჰესის პროექტის მის მიერ აშენებას განიხილავს - ამის შესახებ შესყიდვების ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტიდან ირკვევა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ჯერ კიდევ 2020 წლის მაისში გააფორმა ხელშეკრულება იურიდიულ ფირმა Hogan Lovells-სთან, რომელსაც ხუდონჰესის ინვესტორ Trans Electrica BVI-სთან არსებული ხელშეკრულების მოშლის იურიდიული პირობების მომზადება დაევალა. ეს ხელშეკრულება ერთწლიანი იყო და ის მიმდინარე წლის მაისში დასრულდა, რის გამოც მთავრობამ იურიდიულ ფირმასთან კონტრაქტი მიმდინარე წლის დეკემბრამდე გაახანგრძლივა.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინვესტორთან ხელშეკრულების მოშლის შემდეგ სახელმწიფო ამ ჰიდროელექტროსადგურის მის მიერ აშენებას განიხილავს.
Trans Electrica BVI-სა და Trans Electrica Georgia-სთან საქართველოს მთავრობამ ხუდონის 702-მეგავატიანი ელექტროსადგურის მშენებლობასთან დაკავშირებით პირველი მემორანდუმი 2011 წელს გააფორმა. მას შემდეგ დოკუმენტში არაერთი ცვლილება შევიდა. 2015 წელს განახლებული მემორანდუმის მიხედვით, სახელმწიფო ელექტროსადგურის აშენების შემდეგ იღებდა ვალდებულებას, რომ აშენებიდან 15 წლის განმავლობაში წინასწარ დადგენილ ტარიფად შეეძინა გამომუშავებული ელექტროენერგია. კერძოდ, PPA ხელშეკრულებაში ჩაიდო, რომ პირველი 8 წლის განმავლობაში "ხუდონის" გამომუშავებული ელექტროენერგიის გარანტირებული ტარიფი კილოვატზე 10.5 აშშ ცენტი იქნებოდა. თუმცა, პროექტის განვითარება ფაქტობრივად გაჩერებულია.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე წერია:
“პროექტის განმახორციელებელმა კომპანიამ დღემდე ვერ შეძლო პროექტის განვითარება, ვერ უზრუნველყო გარემოსა და სოციალური კვლევების სრულად განხორციელება, ასევე ადგილობრივ და საზოგადოების სხვა დაინტერესებულ ნაწილთან კომუნიკაცია, რაც მნიშვნელოვანია საკვლევ ტერიტორიაზე სამუშაოების განსახორციელებლად.
არსებული სიტუაცია ნათლად მეტყველებს, რომ ზემოაღნიშნული კომპანია ვერ ახერხებს პროექტის განხორციელებას და მნიშვნელოვანია განხილულ იქნეს ალტერნატიული გზები, მათ შორის ხუდონის ელექტროსადგურის პროექტის განხორციელება სახელმწიფოს მიერ, რაც შეიძლება უფრო ეფექტურიც იყოს, როგორც პროექტის დაფინანსების ასევე, მისი დასრულების შემდეგ ელექტროენერგიის ფასთან მიმართებაში უფრო მოქნილი პოლიტიკის გატარების შესაძლებლობის გათვალისწინებით.
აღნიშნული ალტერნატივების დასახვამდე ბუნებრივია განხილული უნდა იქნეს ზემოხსენებული ხელშეკრულების მოშლის საკითხი,”- ნათქვამია დოკუმენტში.
"ხუდონჰესი" ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი ენერგეტიკული პროექტია, მისი საინვესტიციო ღირებულება $1 მილიარდს შეადგენს.