მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობამ I კვარტალში "შტატგარეშე" მოხელეებზე 69 მლნ ლარის ხელფასები გასცა

609a47bb5ae7e
შოთა ტყეშელაშვილი
11.05.21 15:07
984
გამოქვეყნდა 2021 წლის ბიუჯეტის შესრულების პირველი კვარტალის ანგარიში, საიდანაც ირკვევა, რომ საქართველოს გადასახადის გადამხდელებს სახელმწიფო აპარატის - შტატიანი და შტატგარეშე მოხელეების ხელფასების დაფინანსება 479.4  მილიონი ლარი დაუჯდათ, რაც 2020 წელთან შედარებით 50.7 მილიონი ლარით მეტია. 

მთავრობის 479.4-მილიონიანი ხელფასიდან შტატგარეშე მოხელეების ანაზღაურებები 69.4 მილიონი ლარი იყო, რაც წინა წელთან შედარებით 12.3 მილიონი ლარით მეტია. შტატიანი მოხელეების ანაზღაურებები კი 38.4 მილიონი ლარით 410 მილიონ ლარამდე არის გაზრდილი. 

ბიუჯეტის სტატისტიკაში არ არის წარმოდგენილი, თუ რამდენი ადამიანი არის საჯარო სექტორში შტატგარეშე მოსამსახურედ გაფორმებული.

საჯარო სამსახურის შესახებ კანონის თანახმად - "შტატგარეშე მოსამსახურე არის პირი, რომელიც დანიშვნით ან შრომითი ხელშეკრულებით გარკვეული ვადით მიიღება სამსახურში არამუდმივ ამოცანათა შესასრულებლად".

ქართულ კანონმდებლობაში არ არის განსაზღვრული მკაფიო ლიმიტი, თუ რამდენი ხანი შეიძლება მოხელეს შტატგარეშეს სტატუსი ჰქონდეს. ასევე შტატგარეშე მოხელეებზე არ ვრცელდება იგივე საკვალიფიკაციო მოთხოვნები, რაც ჩვეულებრივ საჯარო სამსახურში დასაქმებულებისთვის არის განსაზღვრული. საკვალიფიკაციო მოთხოვნების ფაქტობრივად არარსებობასთან ერთად არ არის განსაზღვრული რეგულაციებიც, თუ რა უნდა იყოს შტატგარეშე მოხელის ანაზღაურება.