მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობამ "ანაკლიის კონსორციუმის" მხრიდან ზიანი და გადასახდელი ჯარიმები გამოთვალა

60be0d4c55434
ელენე გოგბერაშვილი
07.06.21 19:03
4493

საქართველოს მთავრობამ  ანაკლიის პორტის ინვესტორის, "ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" მხრიდან სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანი და გადასახდელი ჯარიმები გამოთვალა. ამის შესახებ მთავრობის ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც საკანონმდებლო ორგანოს წარედგინა. დოკუმენტში იდენტიფიცირებული ზიანისა და ჯარიმების შესახებ არაფერია ნათქვამი. 

"პრიორიტეტად რჩება ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობა. 2016 წლის 3 ოქტომბერს გაფორმებული საინვესტიციო ხელშეკრულების შეწყვეტის შედეგად განხორციელდა შეწყვეტის შემდგომი პროცედურები, მათ შორის, ჩატარდა ინვესტორის ვალდებულებათა ინვენტარიზაცია, ინვესტორის მიერ გარემოსა და სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანის იდენტიფიცირების სამუშაოები და მოხდა გადასახდელი ჯარიმების გამოთვლა.

დაიდენტიფიცირდა ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების პროექტის ფარგლებში სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების მიერ განხორციელებული კვლევები და ტექნიკური სამუშაოები/ნახაზები და მოხდა მათი თავმოყრა შემდგომი გამოყენებისთვის. საჯარო-კერძო თანამშრომლობის კანონის მოთხოვნათა დაცვის მიზნით დაიწყო დოკუმენტაციის მომზადება ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების პროექტის ახალი ტენდერის ჩასატარებლად. ასევე დაიწყო ინტერესთა გამოხატვის დოკუმენტაციის მიღება საკონსულტაციო სერვისის შესასყიდად"- აღნიშნულია დოკუმენტში.

 

შეგახსენებთ: 2020 წლის 9 იანვარს საქართველოს მთავრობამ გაწყვიტა საინვესტიციო შეთანხმება კომპანია "ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან", რის მიზეზადაც კონსორციუმის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობა დასახელდა. უფრო კონკრეტულად კი, მთავრობამ განაცხადა, რომ კონსორციუმმა ვერ შეძლო გაეფორმებინა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან $400 მილიონი დოლარის საკრედიტო დაფინანსების ხელშეკრულებები.

თავის მხრივ, კონსორციუმის განცხადებით, ამ შეთანხმებების გაფორმება ვერ მოხდა, რადგან საქართველოს მთავრობა მათი კომპანიის საბოტაჟირებით იყო დაკავებული, რაც მათ შორის მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ აღძრულ საქმეებს უკავშირდებოდა.

საქმეზე კონსორციუმმა სარჩელი საერთაშორისო საარბიტრაჟო ტრიბუნალში შეიტანა. ისინი საქართველოს მთავრობას მიყენებული ზიანის ანაზღაურებას სთხოვენ. კონსორციუმის მხრიდან ზარალის სახით დაანგარიშებული თანხა 1 მილიარდ დოლარს აღემატება.

"ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" მხრიდან სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანის და გადასახდელი ჯარიმების შესახებ BM.GE ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტროდან მიღებისთანავე გამოაქვეყნებს.