მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობამ შესაძლოა ერევანის, ბრიუსელისა და ლონდონის მიმართულებით ფრენები არ დაასუბსიდიროს

5d823aa6df882
შოთა ტყეშელაშვილი
18.09.19 18:10
2358
2019 წლის 8 ივლისიდან, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ რუსეთის მოქალაქეთა დაცვის მოტივით ამოქმედებული სპეციალური განკარგულება ამოქმედდა, რომლის შედეგადაც საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა აიკრძალა. “ტურისტულ ემბარგოდ” წოდებულმა ეკონომიკურმა სანქციამ აღნიშნულ პერიოდში ქვეყნის ტურისტული სექტორის მომავლის შესახებ მძიმე მოლოდინები შექმნა, რაც შემდგომში თავდაპირველად პროგნოზირებული მასშტაბით არ რეალიზდა, რადგან ივლისსა და აგვისტოში საქართველოში რეკორდული რაოდენობის ტურისტები იმყოფებოდნენ.

აღნიშნულ პერიოდში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ხელი მოაწერა დადგენილებებს, რომლითაც თბილისი-მოსკოვის რეისების მგზავრთნაკადის დაკომპენსირების მიზნით, სახელმწიფო გეგმავდა თბილისი-ერევანის რეისების სუბსიდირება დაეწყო. პროექტის მიხედვით, რუსი ტურისტების მოსაზიდად, რუსული აეროპორტებიდან აფრენილი თვითმფრინავები ჯერ ერევანში დაეშვებოდნენ, შემდეგ კი, ტურისტები თბილისში ჩამოვიდოდნენ. 2019 წლის 2 აგვისტოს მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ ერევანის მიმართულებით რეისები დაფინანსდებოდა იმიტომ, რომ ნათესავებს ერთმანეთი ენახათ. "შვილიშვილი ჩამოვიდეს და ნახოს თავისი ბებია და ბაბუა, ნათესავმა ნახოს მეორე ნათესავი, ბიძაშვილმა ნახოს მამიდაშვილი,” - ამბობდა წინა პრემიერ-მინისტრი.

მამუკა ბახტაძის მიერ ხელმოწერილ დადგენილებაში ეწერა, რომ პროგრამისთვის საჭირო თანხას 600,000 ევროს, “საქართველოს აეროპორტების გაერთიანება” გამოყოფდა. სუბსიდირების პროექტის კონფიგურაციის მიხედვით, დაფინანსებას მიიღებდა კომპანია, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს პირველი მიმართავდა.

საქართველოს მთავრობის 331-ე დადგენილებით კი განისაზღვრა, რომ სახელმწიფო ბრიუსელისა და ლონდონის მიმართულებითაც მოახდენდა ფრენების დაფინანსებას. სუბსიდიის მიღებისთვის დადგინდა ისეთივე ნორმები, როგორიც ერევანის მიმართულებაზე იყო გათვალისწინებული. ჯამურად სახელმწიფო მზად იყო 1.8 მლნ ევროთი მოეხდინა ავიაკომპანიის დაფინანსება. ამ დადგენილებების მიღებიდან ორი თვე გადიდა, თუმცა ამ დროისთვის ჯერ პროგრამა გამოცხადებული არაა.

BMG-იმ ფრენების დაფინანსების პროგრამის შესახებ “საქართველოს აეროპორტების გაერთიანებიდან” გამოითხოვა ინფორმაცია, სადაც ოფიციალურად აცხადებენ, რომ ფრენების მარკეტინგული მხარდაჭერის პროექტს მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში გამოაცხადებენ.

"საქართველოს აეროპორტების გაერთიანება” მთავრობის დადგენილების საფუძველზე, საკუთარი შემოსავლებიდან გეგმავს განახორციელოს მარკეტინგული მხარდაჭერა, რომელსაც კომპანია გასცემს საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადის ზრდის უზრუნველყოფის მიზნით. მთავრობის გადაწყვეტილებით, ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას” ერთჯერადად მარკეტინგული სტიმულირების მიზნით, მიეცა უფლება, გააფორმოს ხელშეკრულება იმ ავიაკომპანიასთან, რომელიც მთავრობის დადგენილებით გაწერილ პირობებს დააკმაყოფილებს. ამ გადაწყვეტილების მიღების მიზეზი 20 ივნისის შემდეგ განვითარებული მოვლენები გახდა, რამაც მნიშვნელოვნად დააზარალა საქართველოს ტურისტული და საავიაციო ბიზნესი.

„საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ სტიმულირების პაკეტის ფარგლებში, პროგრამას გამოაცხადებს. ნებისმიერ ავიაკომპანიას ექნება შესაძლებლობა, გააკეთოს განაცხადი სტიმულირების პროგრამის დაწყების შემდეგ. ამ ეტაპზე, სტიმულირების პროგრამის ფარგლებში ხელშეკრულება გაფორმებული არ არის არცერთ კომპანიასთან. საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ყურადღებით აკვირდება საქართველოს ავიაბაზარზე არსებულ ვითარებას და პროგრამას მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში გამოაცხადებს,” - ნათქვამია სახელმწიფო კომპანიიდან მიღებულ ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები