მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ომი ყარაბაღში - რა ხდება თბილისიდან 300 კილომეტრში?

ომი

მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე აზერბაიჯანმა დღეს შეტევა დაიწყო. ბაქოში აცხადებენ, რომ ანტიტერორისტულ ოპერაციას ატარებენ. მედიის ინფორმაციით,  სტეფანაკერტში მთელი დღის განმავლობაში აფეთქებების ხმა ისმის, მოსახლეობა კი ევაკუაციისთვის სარდაფებში ჩავიდა.  მთიანი ყარაბაღის ე.წ. ომბუდსმენის ინფორმაციით, აზერბაიჯანელმა სამხედროებმა ორი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს. 

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოგვიანებით სომეხ სამოქალაქო საზოგადოებას მიმართაა და მოუწოდა, სამხედრო მიზნებისგან თავი შორს დაიჭირონ. 

“აზერბაიჯანის რესპუბლიკის რეგიონში საკონსტიტუციო წყობის აღსადგენად დაწყებული იყო ლოკალური ხასიათის ანტიტერორისტული ღონისძიებები. ფართომასშტაბიანი პროვოკაციების, აზერბაიჯანის ტერიტორიიდან სომხეთის შეიარაღებული ფორმირებების განიარაღებისა და გაყვანის, მათი სამხედრო ინფრასტრუქტურის ნეიტრალიზაციის, ოკუპაციისგან გათავისუფლებულ ტერიტორიებზე დაბრუნებული მშვიდობიანი მოსახლეობის, სამშენებლო - აღდგენით სამუშაოებში დასაქმებულთა და ჩვენი სამხედროების უსაფრთხოების უზრუნველყოფის, ასევე აზერბაიჯანის საკონსტიტუციო წყობის აღდგენის მიზნით, რეგიონში დაწყებულია ლოკალური ხასიათის ანტიტერორისტული ღონისძიებები”,-აღნიშნულია აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანის მიერ დაწყებული საბრძოლო მოქმედებების გამო უშიშროების საბჭოს სხდომა მიიწვია. ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, სომხეთი აზერბაიჯანთან საომარ მოქმედებებს არ აწარმოებს. მისი თქმით, ბაქოს მიზანია, ერევანი სამხედრო ოპერაციაში ჩაითრიოს.

“სომხეთი სამხედრო მოქმედებებში არ მონაწილეობს. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ სომხეთის რესპუბლიკას მთიან ყარაბაღში არმია არ ჰყავს. ამჟამად ჩვენ არ ვგეგმავთ რაიმე დაუფიქრებელ მოქმედებებს”,- განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა და დასძინა, რომ, პირველ რიგში, რუსეთის სამშვიდობო ძალებმა უნდა მიიღონ ზომები. 

ყარაბაღში მიმდინარე პროცესებს უკვე გამოეხმაურა მოსკოვი. 

“ღრმად ვართ შეშფოთებული მთიან ყარაბაღში სიტუაციის უეცარი ესკალაციის გამო”, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ.

მისი განცხადებით, რუსული მხარე კონფლიქტის მხარეებს მოუწოდებ, სისხლისღვრა შეაჩერონ, დაუყოვნებლივ შეაჩერონ სამხედრო მოქმედებები და  დიპლომატიურ რეგულირებას დაუბრუნდნენ.

აზერბაიჯანის მიერ ყარაბაღში „ანტიტერორისტული ოპერაციის“ გამოცხადებას და საბრძოლო მოქმედებების დაწყებას საერთაშორისო საზოგადოებაშიც ეხმაურებიან. როგორც საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი აცხადებს, ევროკავშირი გმობს სამხედრო ესკალაციას და აზერბაიჯანს სამხედრო ქმედებების შეჩერებისკენ მოუწოდებს. 

“მთიანი ყარაბაღიდან გამანადგურებელი ახალი ამბები მოდის და ხაზს უსვამს, რომ „აზერბაიჯანის სამხედრო მოქმედებები დაუყოვნებლივ უნდა შეჩერდეს, რათა გზა გაიხსნას ბაქოსა და ყარაბაღელ სომხებს შორის ნამდვილი დიალოგისთვის“,- განაცხადა შარლ მიშელმა.

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი მიიჩნევს, რომ ბაქოს „ანტიტერორისტული ოპერაცია“ კოდური სიტყვაა სომეხთა ეთნიკური წმენდისთვის. მისი თქმით, რუსეთმა „მწვანე შუქი აუნთო ალიევს ნიკოლ ფაშინიანის მთავრობის დასამხობად. ევროპარლამენტარი ფიქრობს, რომ ევროკავშირმა აზერბაიჯანელ პოლიტიკოსებს სანქციები უნდა დაუწესოს. 

პარალელურად, ერევანში მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, სადაც მოქალაქეები ქვეყნის პრემიერ-მინისტრს მოღალატეს უწოდებენ. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები