მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობამ სოცდაუცველების „ამუშავების“ ევროპული მოდელის შესწავლა უნგრეთის მაგალითით დაიწყო

61c34322332e7
მარიამ ვარადაშვილი
22.12.21 22:50
1129
დაახლოებით, ერთი თვის წინ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი სოციალური პოლიტიკის რეფორმის საუკეთესო გამოცდილების გაზიარების მიზნით, ევროპაში გაემგზავრებოდა. "დეკემბრის დასაწყისში, სამუშაო ჯგუფი, ვიცე-პრემიერ ლევან დავითაშვილის ხელმძღვანელობით, ევროპის რამდენიმე ქვეყანაში გაემგზავრება, ჩვენ გვექნება ინტენსიური მუშაობა და ჩამოვიტანთ საუკეთესო გამოცდილებას ევროპიდან, ვინც სოციალური პოლიტიკის რეფორმა განახორციელა", - ამბობდა ირაკლი ღარიბაშვილი.

როგორც Bm.ge-მ გაარკვია, მთავრობამ სოცდაუცველების „ამუშავების“ ევროპული მოდელის შესწავლა უნგრეთის მაგალითით დაიწყო. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გვითხრეს, რომ რეფორმაზე მომუშავე სამუშაო ჯგუფი დეკემბრის დასაწყისში უნგრეთში იმყოფებოდა.

სამინისტროში ასევე ამბობენ, რომ უნგრეთის გარდა, სხვა ქვეყნების გამოცდილების შესწავლაც იგეგმება და გამომდინარე იქიდან, რომ რეფორმა საქართველოს რეალობას უნდა მოერგოს, ჯერჯერობით, გადაწყვეტილი არ არის, რომელი ქვეყნის სოციალური სისტემის მოდელს აიღებენ მაგალითად.

სამუშაო ჯგუფი ჯანდაცვის, ფინანსთა, განათლებისა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილეებს აერთიანებს. აღსანიშნია, რომ უნგრეთში ვიცე-პრემიერ ლევან დავითაშვილთან ერთად ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაიაც იმყოფებოდა, ამიტომ სწორედ მას ვკითხეთ, რა პრინციპით შეარჩია მთავრობამ უნგრეთი.

“პრემიერის დავალებითა და ლევან დავითაშვილის ხელმძღვანელობით, უნგრეთის მაგალითს გავეცანით. უნდა აღნიშნოს, რომ ჩვენ მხოლოდ უნგრულ მოდელს არ ვსწავლობთ და ვუყურებთ სხვადასხვა ქვეყნის მოდელს. მათ შორის ჩეხეთშიც არის სხვადასხვა საზოგადოებრივი სამუშაო, რომელსაც გავეცანით. ასევე რუმინეთშიც არის საზოგადოებრივი სამუშაოების პროგრამა, რომელსაც ასევე გავეცანით და ჩვენი გერმანელი პარტნიორები გერმანულ გამოცდილებასაც გვიზიარებენ. გერმანიაში საზოგადოებრივი სამუშაოების პროგრამა ძალიან აქტუალური იყო გაერთიანების შემდეგ პერიოდში. ყველა ამ მოდელში პრინციპი ერთია - დროებითი მექანიზმი, რომელიც სოციალურ მოწყვლადობასა და შრომის ბაზარზე აქტივაციას შორისაა დამაკავშირებელი”, - აცხადებს ბარკალაია.

მისივე თქმით, ყველა შესწავლილ მოდელში პრიორიტეტი ღია ბაზარზე დასაქმებაა, თუმცა ჯერ გადაწყვეტილი არ არის, რამდენი თვე შეუნარჩუნდება სოციალური დახმარება პირს, რომელიც დასაქმებას შეძლებს. თამარ ბარკალაია გვეუბნება, რომ ამ მიმართულებით სხვადასხვა ქვეყანას განსხვავებული პრაქტიკა აქვს.

“ისეთი ტიპის სოციალური გასაცემლების მეთოდოლოგია, რომელიც საქართველოში გამოიყენება, არცერთ ჩემ მიერ დასახელებულ ქვეყანაში არ არის. იქ სოციალური გასაცემლების ცოტა სხვა პრინციპია, რომელიც უმუშევრობაზეა დამოკიდებული და არა უპირობო სოციალურ გასაცემლებზე. ჩვენთან ეს უმუშევრობაზე დამოკიდებული არ არის და უპირობო სოციალური გასაცემელია. ახლა სამუშაო ჯგუფში ვმსჯელობთ ქართულ რეალობაზე მორგებული მეთოდოლოგიის შექმნაზე. ჯერჯერობით, სხვადასხვა აზრია იმასთან დაკავშირებით თუ რა ცვლილებები შეიძლება შევიდეს სოციალურ პოლიტიკაში, მაგრამ ამ ეტაპზე მსჯელობა მიმდინარებს”, - ამბობს bm.ge-სთან ინტერვიუში თამარ ბარკალაია.

რაც შეეხება უშუალოდ უნგრულ მოდელს, როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე გვიხსნის, ქვეყანაში ე.წ. უმუშევრობის კომპენსაცია გამოიყენება.

“უნგრულ მოდელში არ არის უპირობო სოციალური დახმარება. სოციალური დახმარება აქვთ ე.წ. უმუშევრობის კომპენსაციის სახით, რასაც სამი თვის განმავლობაში გასცემენ. აქედან გამომდინარე, უნგრული მაგალითის ასე პირდაპირ აღება და გადმოტანა, ჩვენს შემთხვევაში ვერ მოხდება. უნგრეთი შეირჩა იმ მიზნით, რომ ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პრაქტიკა აქვთ საზოგადოებრივი სამუშაოების. სწორედ ამიტომ იყო ჩვენთვის საინტერესო უნგრული მოდელი”, - აცხადებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე.

რომელ ქვეყანაში შედგება პრემიერის დავალებით შექმნილი სამუშაო ჯგუფის მორიგი ფიზიკური თუ ონლაინ ვიზიტი, ჯერჯერობით, უცნობია.

“მას შემდეგ, რაც ჩამოვყალიბდებით ამ პროგრამის მოწყობაზე, რომელიც ჩვენს რეალობას იქნება მორგებული, ამის შემდეგ მოხდება იდენტიფიცირება ზოგადად საჭიროა თუ არა დამატებითი ვიზიტი. შეიძლება მოხდეს ისე, რომ ამის საჭიროება არ იყოს”, - თქვა თამარ ბარკალაიამ და დასძინა, რომ სოციალური პოლიტიკის რეფორმის პროგრამის სახით ინიცირება 2022 წლის დასაწყისიდან იგეგმება.

შეგახსენებთ: პრემიერ-მინისტრმა რამდენიმე კვირის წინ სოციალური პოლიტიკის ცვლილება დააანონსა, რომლიც 300 000-მდე შრომისუნარიანი მოქალაქეების "ამუშავებას" გულისხმობს. რეფორმაზე მომუშავე ჯგუფს ვიცე-პრემიერი, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ხელმძღვანელობს. თამარ ბარკალაია ამბობს, რომ პროგრამის მიზანი სოციალურად დაუცველების დასაქმებაა, რაც ეკონომიკურ საქმიანობაში მათ იმგვარად ჩართვას გულისხმობს, რომ ისინი სოციალურ გასაცემლებზე დამოკიდებულები არ იყვნენ.