მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობამ სტადიონებზე გულშემატკივრების დაშვების გადაწყვეტილება მიიღო

5f16c550ae2b5
თელარა გელანტია
21.07.20 14:34
1098
ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის და დეპუტატ ლევან კობიაშვილის განცხადებით, უახლოეს მომავალში ღია ტიპის სტადიონებზე გულშემატკივრებ დაუშვებენ.

ამის შესახებ მან უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა და დასძინა, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით, შესაბამის პროტოკოლში გარკვეული ცვლილებები შევა.

„ალბათ უამრავმა ადამიანმა ნახა კადრები, როდესაც სტადიონს მიაღმა ვიწრო სივრცეში იკრიბებიან გულშემატკივრები.
ნამდვილად არ არის სასურველი თუნდაც უსაფრთხოების კუთხით ან თუნდაც კოვიდთან მიმართებაში მათი ერთად ყოფნა და ნახვა ასეთ მდგომარეობაში. შესაბამისად, გულშემატკივრების სტადიონზე დაშვებასთან დაკავშირებით საკითხი დადგა. ძალიან პოზიტიური მხარდაჭერაა ამ კუთხით. ანუ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მომდევნო დღეების განმავლობაში უკვე პროტოკოლში იქნება შეტანილი გულშემატკივრების დაშვება. რასაკვირველია, ეს არ მოხდება ქაოტურად. ეს იქნება ყველა სტანდარტის დაცვით“, - განაცხადა კობიაშვილმა.

მისი თქმით, განისაზღვრება თუ რა რაოდენობის გულშემატკივარი დაიშვება სტადიონებზე. 

„ეს იქნება დისტანციის დაცვით. არ მოხდება ისე, რომ ყველა ერთ ადგილას იყოს თავშეყრილი. სასიხარულო ფაქტია, რომ გულშემატკივრებს ვნახავთ, სტადიონზე დავუშვებთ, თუმცა ხაზს ვუსვამ, თითოეული ადამიანის პასუხისმგებლობაა, რომ დაიცვას ის მოცემულობა, რაც პროტოკოლით იქნება განსაზღვრული. ეს ნიშნავს იმას, რომ სტადიონზე შესვლამდე იქნება ე.წ. თერმოსკრინინგი. ასევე, ყველა ის ზომა იქნება დაცული, რაც თითოეული გულშემატკივრის ჯანმრთელობისთვისაა მნიშვნელოვანი“, - განაცხადა კობიაშვილმა.