ევროპის ჩემპიონატზე გავედით, მაგრამ ჩვენ გაცილებით მეტი უნდა გავაკეთოთ - ამის შესახებ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა "რუსთავი 2-ის" ეთერში "ევრო 2024"-ის მატჩზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია გუნდმა წარმატებული ასპარეზობა გააგრძელოს. მას სჯერა, საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ქვეყანას ევროპის ჩემპიონატზეც ასახელებს.
"ევრო 2024" პირველ რიგში მოთამაშეებისთვის არის უდიდესი პლატფორმა, როდესაც ისეთ ტურნირზე თამაშობენ, სადაც უდიდესი ყურადღებაა თითოეული მოთამაშის მიმართ. მოთამაშეებს იქ თავის კარგად წარმოჩენის საშუალება ეძლევა და შეიძლება მათი კარიერა აბსოლუტურად სხვა საფეხურზე გადავიდეს. უდიდესი საფეხბურთო ფორუმია, სადაც ჩვენ ვთამაშობთ. იქ უამრავი კლუბებია, მათი წარმომადგენლები აკვირდებიან მოთამაშეებს და უდიდესი შესაძლებლობაა. ამის გარდა, თუ გადავხედავთ იმ კუთხით, თუ რას მოგვიტანს ქვეყანას, რა თქმა უნდა ჩვენი ქვეყნის და ჩვენი მოთამაშეების, ზოგადად ფეხბურთს მიმართ ყურადღება კიდევ უფრო გაიზრდება, თუმცა ჩვენ გაცილებით მეტი უნდა გავაკეთოთ. გავედით ევროპის ჩემპიონატზე და ვართ ბედნიერები, მაგრამ აქ არ მთავრდება ყველაფერი. ეს გზა ჩვენ აუცილებლად უნდა გავაგრძელოთ და დარწმუნებული ვარ, ეს გუნდი გახდება უდიდესი მოტივაცია იმ ბავშვებისთვის, ვინც ფეხბურთის თამაშს დაიწყებენ.
რაც შეეხება შანსებს, საკმაოდ ამბიციური გუნდი ვართ, საკმაოდ ახალგაზრდა გუნდია და მჯერა, ჩვენს გუნდს აქვს იმის შესაძლებლობა და პერსპექტივა, რომ ევროპის ჩემპიონატზეც ვასახელოთ ჩვენი ქვეყანა და წარმატებით ვითამაშოთ", - განაცხადა ლევან კობიაშვილმა.
ისტორიაში პირველად, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. 26 მარტს, საქართველოს ნაკრებმა ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალურ შეხვედრაში საბერძნეთის ეროვნულ ნაკრებს სძლია. ანგარიშის ბედი პენალტების სერიაში გადაწყდა და საქართველოს სასარგებლოდ - 4:2 დასრულდა. ისტორიული შეხვედრა თბილისში, "დინამო არენაზე" გაიმართა.
საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველ თამაშს დორტმუნდში, თურქეთის ნაკრების წინააღმდეგ, 18 ივნისს ჩაატარებს.