მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობას არ ესმის, რომ რესტორანი უფრო დაინტერესებულია იქ კოვიდ-აფეთქება არ მოხდეს - “Z 10”

619dda63b7f5d
მარიამ ადამია
24.11.21 12:34
1027
1-ელი დეკემბრიდან, კოვიდპასპორტის არმქონე პირის სხვადასხვა ობიექტში შესვლის შემთხვევაში, ჯარიმა არა მოქალაქეს, არამედ თავად ამ ობიექტს დაეკისრება. 

შრომის ინსპექცია როგორც აქამდე აკონტროლებდა კოვიდრეგულაციების აღსრულებას, ასევე გააკონტროლებს ე.წ. მწვანე პასპორტების მოქმედების სფეროებში, თუ რამდენად ხდება რეგულაციების შესრულება.  ეს იქნება გეგმური და არა გეგმური ინსპექტირებები, თუ რამდენად იცავს ობიექტი ე.წ. მწვანე პასპორტებთან დაკავშირებულ მოთხოვნებს. იმ შემთხვევაში, თუ დარღვევა აღმოჩნდა, ეს იწვევს ფიზიკური პირის მიმართ 2000 ათასლარიან ჯარიმას, იურიდიული პირის მიმართ  კი 10 000-ლარიან ჯარიმას. ხოლო თუ კომპანია სისტემურად არღვევს დადგენილ წესებს და ამაზე შრომის ინსპექციას აქვს ინფორმაცია, შესაძლოა, ეს დალუქვის და ასევე, დროებით საქმიანობის შეჩერების საფუძველიც გახდეს.

რესტორან “Z 10”-ის დამფუძნებელი ნიკა მანჯგალაძე bm.ge-სთან ამბობს, რომ უცნაურია ე.წ. „მწვანე პასპორტების“ მექანიზმის ფუნქციონირების პრინციპი, რადგან აპლიკაცია არ აჩვენებს ადამიანის სახეს, შესაბამისად, რესტორნის წარმომადგენლებს მოუწევთ პატრულის თანამშრომლების მსგავსად, პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ჩვენება სტუმრებისთვის.

„ყველანაირი ჯოხი გადატყდა სარესტორნო ბიზნესზე ამ მძიმე პერიოდის განმავლობაში. არ არსებობს რეგულაცია, რომელიც გვავალდებულებს, რომ თანამშრომლები იყვნენ აცრილები დაწესებულებაში. ანუ შეიძლება აცრილ სტუმარს დახვდეს აუცრელი პერსონალი და ურთიერთგამომრიცხავ ფაქტებს ვეჯახებით. აქვე იბადება კითხვა, რატომ რესტორნები, ფიტნეს ცენტრები, საბავშვო ცენტრები და არა სავაჭრო ცენტრები? ანუ თუ მე შევდივარ მოლში,პასპორტის გარეშე, იმავე მოლში არსებულ კვების ობიექტში მიწევს კოვიდ-პასპორტის წარდგენა და ეს არ ჯდება ლოგიკაში,” - აცხადებს ნიკა მანჯგალაძე.

მისი თქმით, სახელმწიფოს არ ესმის, რომ რესტორნის მფლობელი უფრო დაინტერესებულია ობიექტში კოვიდ-აფეთქება არ მოხდეს და იმიჯი არ შეილახოს, ვიდრე სახელმწიფო, ამიტომ მაქსილალურად ცდილობენ ყველა რეგულაციის დაცვას, თუმცა ამბობს იმასაც, რომ ესეც არ არის საკმარისი.

“ჩემივე სირცხვილია, რომ კოვიდ-აფეთქება მოხდეს რესტორანში. მე უფრო დაინტერესებული ვარ ჩემი იმიჯით. ვიცი რამე რომ მოხდეს, დაღუპულია ჩემი საქმე და ამიტომ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ყველა რეგულაცია დავიცვათ, მაგრამ ყველდღე ახალ-ახალი მიმართულებები ემატება, რაც ძალიან ხელისშემშლელია ბიზნესისთვის და შემდეგი რეინვესტირებისთვის. ასევე წარმოუდგენელია მწვანე ბარათების სრულად გაკონტროლება მოხდეს. რამდენი თანამშრომელი უნდა ჰყავდეს სურსათის უზრუნველყოფას და შრომის უსაფრთხოებას, რომ კარდაკარ იარონ და ყველა შეამოწმონ,” -  განაცხადა რესტორნის ფლობელმა.


აღსანიშნავია, რომ პრემიერ მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში სურვილი გამოთქვა სარესტორნო ბიზნესისთვის 23:00 საათამდე მუშაობის შეზღუდვა მოიხსნას.

„მე მინდა, რესტორნებისთვის 23:00 საათამდე მუშაობის შეზღუდვა მოვხსნა“ - თქვა ღარიბაშვილმა.

ცნობილია, რომ 1 დეკემბრიდან ქვეყანაში ე.წ. „მწვანე პასპორტების“ რეგულაცია უნდა ამოქმდდეს. აღსანიშნია, რომ ამ წესის დაანონსების შემდეგ სარესტორნო ბიზნესი აქტიურად ითხოვს გაუქმდეს შეზღუდვა, რომლის თანახმად, კვების ობიექტების 23:00 საათის შემდეგ მუშაობა ეკრძალებათ.