03.ოქტომბერი .2022 17:26

მთავრობას საწვავის შეძენა გაუიაფდა

მთავრობას საწვავის შეძენა გაუიაფდა
views 921
უკან

საქართველოს მთავრობა - სამინისტროები და საჯარო უწყებები საწვავს კონსოლიდირებული ტენდერის საფუძველზე ქვეყანაში მოქმედი ძირითადი ნავთობკომპანიებიდან ყიდულობენ. მხარეებს შორის არსებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შესასყიდი ფასი, ყოველთვიურად, სპეციალური ფორმულის საფუძველზე ახლდება.

კონტრაქტის მიხედვით, ფასი განისაზღვრება თვის დასაწყისში, წინა თვეში არსებული საშუალო ფასებიდან გამომდინარე. კერძოდ, ხელშეკრულება ეფუძნება თვის განმავლობაში PLATTS EUROPEAN MARKET-ზე დაფიქსირებულ ტონა ბენზინის საშუალო ფასს, ასევე ლარის გაცვლით კურსს, აქციზის და დღგ-ს გადასახადებს. ამ მდგენელებიდან ყოველთვიურად მხოლოდ ორი იცვლება, ესაა Platts-ის ფასი და ლარის კურსი.

სექტემბრის განმავლობაში Platts-ის საშუალო ფასი იყო $820, რაც აგვისტოს ფასთან - $920-თან შედარებით $100-ით ნაკლები იყო.

პარალელურად, სექტემბერში გაცვლითი კურსის სიმყარე შეინარჩუნა ლარმა და ერთი დოლარი საშუალოდ 2.85 ლარი ღირდა. ამ ორი ფაქტორის გათვალისწინებით, მთავრობისთვის შესასყიდი საწვავის ფასი დაახლოებით 6.5%-ით შემცირდა.

ოქტომბერში მთავრობის მიერ შესასყიდი ფასი ასე ნაწილდება:

• რეგულარი - სექტემბრის ფასი მთავრობისთვის 2.92 ლარი, ოქტომბრის ფასი 2.73 ლარი, კლება 6.5%;
• პრემიუმი - სექტემბრის ფასი მთავრობისთვის 2.93 ლარი, ოქტომბრის ფასი 2.75 ლარი, კლება 6.1%;
• სუპერი - სექტემბრის ფასი მთავრობისთვის 3.23 ლარი, ოქტომბრის ფასი 3.06 ლარი, კლება 5.3%.

საგულისხმოა ფაქტი, რომ ბოლო რამდენიმე კვირაში საწვავის ფასი ბარელზე 86 დოლარიდან 77-მდე შემცირდა, თუმცა გასული კვირის ბოლოდან ფასმა კვლავ ზრდა დაიწყო და მან 83 დოლარს მიაღწია. არსებობს ალბათობა, რომ OPEC-ის გადაწყვეტილების ფონზე, ფასი კვლავ 100 დოლარს დაუბრუნდეს.

ამჟამად რეგულარის ღირებულება ძირითად საცალო ქსელებში 3.19-3.34 ლარის ფარგლებშია, პრემიუმი - 3.59-3.64 ლარის ფარგლებში, სუპერი კი - 3.89-3.98 ლარის ფარგლებში ღირს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა