მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობის ვალში სახელმწიფო კომპანიების 409-მილიონიანი ვალი გათვალისწინებული არაა - აუდიტი

5fe9f36dc28b5
შოთა ტყეშელაშვილი
28.12.20 19:00
836
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 2021 წლის ბიუჯეტის მესამე პროექტის შესახებ საკუთარი დასკვნა წარმოადგინა. უწყება აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობის მიერ სახელმწიფო ვალის სტატისტიკაში განსაზღვრული მონაცემები არ შეიცავს იმ 409-მილიონიან ვალს, რომელიც მთავრობის მიერვე “სახელმწიფო სექტორის ნაწილად” იქნა დაკლასიფიცირებული. ამ გარემოების გამო, სახელმწიფო ვალის მოცულობა მშპ-ის 0.8 პროცენტული პუნქტით უფრო ნაკლებია, ვიდრე უნდა იყოს.

“მთავრობის ვალი არ მოიცავს იმ სახელმწიფო საწარმოების ვალს, რომლებიც ფინანსთა სამინისტროს მიერ დაკლასიფიცირდა როგორც სამთავრობო სექტორი. დადებითად უნდა შეფასდეს ის ფაქტი, რომ ბიუჯეტის კანონპროექტზე თანდართული ფისკალური რისკების ანალიზის დოკუმენტის მიხედვით, დასრულდა სახელმწიფო საწარმოების სექტორიზაციის პროცესი და დოკუმენტს დანართის სახით ახლავს სახელმწიფო კორპორაციებისა და სამთავრობო სექტორებს მიკუთვნებული საწარმოების შესახებ მონაცემები. აღნიშნულის მიუხედავად, კანონპროექტში წარმოდგენილი მთავრობის ვალის მაჩვენებელი არ ითვალისწინებს სამთავრობო სექტორად დაკლასიფიცირებული საწარმოების ვალდებულებებს, რომლის მოცულობაც 409 მლნ ლარსა და მშპ-ს 0.8%-ს შეადგენს", - ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნაში.

შესაბამისად, ვალის შემადგენლობაში უნდა შედიოდეს, შპს “ენგურჰესის”; “გარდაბნის თბოსადგურის”; “ენერგოტრანსის”, ასევე, სახელმწიფოს კუთვნილი კლინიკების ვალდებულებებიც.

კიდევ ერთი საკითხი, რაზეც სახელმწიფო აუდიტის სამსახური ამახვილებს ყურადღებას, სახელმწიფო ვალზე კერძო-სახელმწიფო პარტნიორობების (PPP) ხელშეკრულებების გავლენაა, რომლებიც ვალის სტატისტიკაში არ იყო შეყვანილი და რომლის მოცულობაც მშპ-ის 0.3%-ია.

“ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თუ 2021 წლისთვის ვალის წესის მიზნებისათვის გაანგარიშებულ საპროგნოზო მაჩვენებელში (60.8%) გავითვალისწინებთ დარჩენილი PPP პროექტებიდან მომდინარე (+0.3%) და სამთავრობო სექტორად დაკლასიფიცირებული საწარმოების ვალდებულებებს (+0.8%), საპროგნოზო მაჩვენებელი 61.9%- მდე გაიზრდება,” - ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნაში.

2021 წლის ბიუჯეტის მესამე წარდგენის პროექტის თანახმად, საქართველოს მთავრობის ბიუჯეტი 2.46 მილიარდი ლარით, 18.4 მილიარდ ლარამდე იზრდება. გაზრდილი ხარჯების დაფინანსების მთავარი წყარო მომდევნო წელსაც ახალი ვალის აღება იქნება, რაც 5.27 მილიარდი ლარით არის განსაზღვრული. ახალი ვალებიდან 1.45 მილიარდი ლარი საინვესტიციო ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მიიმართება, ბიუჯეტის მხარდამჭერი კრედიტები 2.17 მილიარდი ლარი იქნება, ხოლო 1.65 მილიარი ლარით მთავრობა $500-მილიონიანი ევრობონდების რეფინანსირებას გეგმავს.

ბიუჯეტის პროექტის პირველი თავის თანახმად, 5.27-მილიარდიანი ვალიდან 100% საგარეო ვალი იქნება და მომდევნო წელს მთავრობა შიდა ვალს არ აიღებს ანუ არ მოხდება სახაზინო ვალდებულებების და სახაზინო ობლიგაციების გამოშვება. შეგახსენებთ, რომ 2020 წელს მთავრობამ შიდა ვალის სახით 1.85 მილიარდი ლარის მობილიზება მოახდინა.