მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობისგან ხელშეწყობა ინვესტორების მოძებნას კი არ ნიშნავს, არამედ გარემოს შექმნას - ქვარცხავა

622b6c17ec201
ელენე გოგბერაშვილი
11.03.22 23:30
1067
საქსტატის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2021 წელს 1.15 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც ორჯერ მეტია 2020 წლის დაზუსტებულ მონაცემებზე. საქსტატის განმარტებით, ზრდა განპირობებულია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სამივე კომპონენტის (სააქციო კაპიტალი, რეინვესტიცია და სავალო ვალდებულებები) მაჩვენებლის გაზრდით. აღსანიშნავია, რომ მთლიან უცხოურ ინვესტიციებს შორის ნახევარზე მეტი არსებული კომპანიების რეინვესტიციებს წარმოადგენს. უფრო ზუსტად რეინვესტიციები 760 მილიონი დოლარი და FDI-ის 66% იყო. სააქციო კაპიტალის შენატანები 175 მილიონი დოლარი, სავალო ვალდებულებები კი - 217 მილიონი დოლარი.

BLC Law Office-ის პარტნიორი ქეთევან ქვარცხავა არსებულ სტატისტიკაზე დაყრდნობით ამბობს, რომ მთლიან ინვესტიციებში რეინვესტირების მაღალი მაჩვენებელი ქვეყნისთვის სარისკოა, პორტფელი დივერსიფიცირებული არ არის და ბოლო წლებში ქვეყანა ვერ აჩვენებს ინვესტორებს, სად და რომელ დარგებში შეუძლიათ ინვესტირება.

„წინა წლებშიც არ იყო ეკონომიკის ზრდის ისეთი დინამიკა, რომელიც სასურველია, რომ გვქონდეს. რამდენიმე ტრანზაქციის ხარჯზე ხდებოდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ბალანსის შევსება, რაც ძალიან მყიფე საფუძველია, რადგან წელს შეიძლება ეს მოხდეს, შემდეგ წელს არ მოხდეს და ა.შ. ამიტომ საჭიროა, თანმიმდევრულად ინვესტიციების გარკვეული ნაკადის შექმნა, რომელიც გარკვეულ დარგებში შემოვა.

სამწუხაროდ, საქართველომ ბოლო წლებში ვერ აჩვენა ტენდენცია, რომელიც საჭიროა აჩვენო უცხოელ ინვესტორებს ანუ სად და რა დარგებში შეიძლება ინვესტიციების განხორციელება, რა ეკონომიკურ პოლიტიკას ახორციელებს ქვეყანა იმისათვის, რომ გეგმაზომიერად უზრუნველყო ინვესტიციების შემოსვლა.

ჩვენ ვნახეთ ახლა მონაცემებში, რომ რეინვესტიციები იყო მაღალი და ასევე, ცალკეული ინვესტიციების ხარჯზე იყო ბალანსი გაზრდილი; შესაბამისად, პორტფელი არ იყო დივერსიფიცირებული, რაც სარისკოა ქვეყნისთვის. ვფიქრობ, ეკონომიკური პოლიტიკის განსაზღვრა უმნიშვნელოვანესია. უნდა გამოვყოთ დარგები, სადაც ველოდებით, რომ ინვესტიციები განხორციელდება...

მაგალითად, ერთი პერიოდი გვინდოდა, ავეჯის სექტორში ჩადებულიყო ინვესტიციები; ეს იყო მხოლოდ ლოზუნგი, ამას უკან არაფერი ედგა, არც ნედლეული და არც ბაზარი იყო შესწავლილი, არაფერი... მეორე მხრივ, ვამბობთ, რომ ენერგეტიკაში გვინდოდა ინვესტიციები, ამას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს ქვეყნისთვის, რადგან გარკვეული ეკონომიკური დარგები სტრატეგიულია მათ შორის ენერგეტიკა და ამ მიმართულებით სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ გაატაროს ღონისძიებები. ჩვენ გვაქვს წყლის რესურსები, რასაც ვერ ვიყენებთ, გაუგებარი პოლიტიკის გამო.

გარდა ამისა, ალტერნატიული ენერგიის რესურსები გამოსაყენებელია, მაგრამ წყალი არის წამყვანი. მუდმივად ვაყენებთ პრიორიტეტებს და ვამბობთ, რომ საქართველო იქნება სატრანსპორტო ჰაბი, მაშინ როცა არ გვაქვს ღრმაწყლოვანი პორტი, სადაც შეიძლება დიდი ხომალდების მიღება. ვამბობთ, რომ გვინდა, ვიყოთ მწარმოებელი ქვეყანა, ამ დროს დენი, გაზი ძვირია. შესაბამისად, არ გვაქვს კონკურენტული უპირატესობა. ვამბობთ, რომ გვინდა, ფინანსური ჰაბი ვიყოთ, როცა ანგარიშებს ვერ ვუხსნით უცხოელებს, იმდენად მკაცრი რეგულაციის ქვეშ მოვყევით. ყველა მიმართულებით, რასაც ვიტყვით, რომ უნდა გაკეთდეს, უნდა მოჰყვეს ნაბიჯები. ჯერჯერობით, არც ლოზუნგები გვაქვს. ეკონომიკური პოლიტიკის საფუძველი უნდა დაიდოს, ვთქვათ ამ დარგში, ამ დარგში გვაქვს კონკურენტული უპირატესობა და ამიტომ, ამიტომ, ამიტომ... უნდა გვქონდეს წარმატებული ინვესტიციების მაგალითები, რომელსაც ვაჩვენებთ ინვესტორებს“, - აცხადებს ქეთევან ქვარცხავა.

ის ტრადიციულად პრობლემებზე საუბრისას გამოყოფს კანონის უზენაესობას და სასამართლო სისტემას. სახელმწიფოს კი მოუწოდებს ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალის ათვისებაში მაქსიმალური ძალისხმევა მიმართოს.

„ჩვენ უნდა შევედაროთ განვითარებული ეკონომიკის ქვეყნებს, თუ გვინდა, რომ ინვესტიცია შემოვიდეს და არა იმ ქვეყნებს, რომლებსაც თავისი პრობლემები აქვს.

ენერგომატარებლების სიძვირე ჩვენთვის დამღუპველია. გვაქვს რესურსები და ამ რესურსების გამოყენებისთვის სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს.

ინვესტორების მოყვანა, პრაქტიკულად, კერძო ინიციატივებზეა დამოკიდებული. სახელმწიფოსგან ხელშეწყობა იმას კი არ ნიშნავს, რომ ირბინოს და ინვესტორები მოძებნოს, არამედ გარემო უნდა შექმნას, სადაც გამარტივდება ამ ადამიანების შემოყვანა.

ახლა რაც ხდება, სრულიად სხვა გამოწვევაა, პანდემიას გამოვექეცით და ომში შევედით. რუსეთიდან ძალიან ბევრი საერთაშორისო კომპანია მიდის, რატომაც არ შეიძლება საქართველოში მოხდეს ამ კომპანიების შემოყვანა?! თუმცა აქ კიდევ ჩვენი დამოკიდებულება ერთვება დაქირავებული პირების მიმართ, რომლებიც შეიძლება მოჰყავდეს ამ საერთაშორისო კომპანიებს“, - აცხადებს ქეთი ქვარცხავა.