მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“მთის კურორტების მართვა მხოლოდ საბაგიროების ტრიალი არაა” - რა გაზრდის ეფექტიანობას?

6172d45d01f47
BM.GE
22.10.21 21:45
1034

"ჰელისკი ჯორჯიას" დამფუძნებელი ვატო ასათაშვილი მიიჩნევს, რომ საჭიროა მთის კურორტების განვითარების კომპანიის მენეჯმენტში კერძო სექტორის წარმომადგენლების შეყვანა, შედეგად, სახელმწიფო კომპანია უფრო ეფექტიანი გახდება. 

“ეს იქნება დღეს, ხვალ თუ ზეგ, აუცილებელია ვიფიქროთ მთის კურორტების განვითარების კომპანიის ამ შემთხვევაში “მთის” ერთგვარ ტრანსფორმაციაზე. უპირველეს ყოვლისა, კერძო სექტორის შეყვანა მენეჯმენტში მართვას ეფექტურს გახდის. ამაში დარწმუნებული ვარ, რადგან შეგვიძლია არაერთი ქვეყნის მაგალითი ავიღოთ. რაც შეეხება იმ ფინანსურ ვალდებულებებსა და კაპიტალურ ხარჯებს, რომელსაც კერძო სექტორი უბრალოდ ვერ გაწვდება, ამისთვის არსებობს იდეალური მაგალითი საჯარო-კერძო სექტორების თანამშრომლობა,”-აცხადებს საათაშვილი.


მისივე თქმით, მთის კურორტებზე ინფრასტრუქტურის გამართულ მუშაობაზე კერძო სექტორმა უნდა აიღოს ვალდებულება, ხოლო ადგილზე არსებული აქტივების შენახვა და მართვა სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა.


“საბოლოო ჯამში აღმოჩნდა, რომ მთის კურორტების მართვა კომპლექსური საკითხია და მხოლოდ საბაგიროების ტრიალი არ არის. თავდაპირველად უნდა გაიმიჯნოს რა არის სახელმწიფოს ვალდებულება და რა არის კერძოსი. ჩემი პირადი პოზიციაა, რომ ინფრასტრუქტურის მუშაობის მენეჯმენტი კერძო ვალდებულებაა, რადგან კერძო კომპანია ბევრად უფრო კარგად მართავს ამ თუ იმ კომერციულ ობიექტს ან/და ინფრასტრუქტურას, ვიდრე სახელმწიფო. მეორე მხრივ ამ აქტივების მართვა და შენახვა სწორედ სახელმწიფოს ვალდებულება,”-აცხადებს საათაშვილი.

 

მთის კურორტების განვითარების კომპანიას ახალი სახელი აქვს. როგორც bm.ge-მ გაარკვია, სახელმწიფო კომპანიის ახალი სახელია MTA - Mountain Tracks Agency - მთის ტრასების სააგენტო.

კომპანიის დირექტორი ირაკლი ჭირაქაძე bm.ge-თან აცხადებს, ახალი სახელი კომპანიის რეალურ ფუნქცია-ვალდებულებებს უფრო აკონკრეტებს. ჭირაქაძის ინფორმაციითვე, ამ დროისთვის შპს „ემ თი ეი“-ში ანუ ყოფილ მთის კურორტების განვითარების კომპანიაში სხვა სტრუქტურული ცვლილება თუ რეორგანიზაცია არ მიმდინარეობს.