მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთის კურორტების კომპანიის მიერ უფასოდ გაცემული 261,000 ლარის აბონემენტის მიზნობრიობა ვერ დგინდება - აუდიტი

608bc16597188
შოთა ტყეშელაშვილი
30.04.21 12:51
1753
მთის კურორტების განვითარების კომპანია ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებული კომპანიაა, რომელიც ბაკურიანის, გოდერძის, თეთნულდისა და გუდაურის კურორტებს მართავს. კომპანიის ძირითადი შემოსავალი მილიონობით ლარის სახელმწიფო სუბსიდიაა, რომელსაც ის ინფრასტრუქტურის აშენებისთვის იღებს. შემოსავლის დამოუკიდებელი წყაროს სახით კი კომპანია კურორტებზე საბაგიროს მოსაკრებლებს ყიდის. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული დასკვნიდან ირკვევა, რომ კომპანია ამ აბონემენტებს თავის თანამშრომლებს და ამ თანამშრომლების “ოჯახის წევრებს” ასევე “VIP” პირებს უფასოდ ურიგებს. დასკვნის მიხედვით, 2018-2019 წლებში კომპანიამ ამ პირებზე 261,000 ლარის აბონემენტები ისე გასცა, რომ ამ აბონემენტების მფლობელების ვინაობის სია არც კი აღურიცხავს. ამასთან, დასკვნიდან ირკვევა, რომ არ არსებობს არავითარი კრიტერიუმები, რომლითაც ე.წ. “VIP” აბონემენტების გაცემა რეგულირდება.

აუდიტის სამსახურის დასკვნაში ნათქვამია, რომ ამ ხარჯების მიზნობრიობა ვერ დგინდება.

“საბაგირო გზის აბონემენტების უფასოდ და შეღავათიანი ფასით გაცემის საკითხის განმხილველი კომისიის გადაწყვეტილებით, კომპანიის თანამშრომლებს, მათ შვილებს და ოჯახის სხვა წევრებს შეუძლიათ ისარგებლონ საბაგირო გზის უფასო აბონემენტებით. აღნიშნული პირებისთვის აბონემენტების უფასოდ გაცემის საფუძვლად განსაზღვრულია დაინტერესებული პირის დასაბუთებული განცხადება აბონემენტების მიმღებ პირთა შესაბამისი სიით. იმავე კომისიის გადაწყვეტილებით, ე.წ. VIP მომხმარებლებზე აბონემენტების უფასოდ გადაცემა და მიზნობრივ გამოყენებაზე კონტროლი ევალებათ კომპანიის კონკრეტულ თანამშრომლებს.

აუდიტის პერიოდში კომპანიის თანამშრომლები და მათი ოჯახის წევრები საბაგირო გზის აბონემენტებით სარგებლობდნენ უფასოდ. 2018 და 2019 წლების იანვარში მხოლოდ კურორტ გუდაურში აღნიშნულ პირებზე უფასოდ გაცემულია 115 ერთეული აბონემენტი, ღირებულებით − 64,100 ლარი. სულ 2018-2019 წლებში ანალოგიური აბონემენტების ღირებულებამ 133,000 ლარი შეადგინა. კომპანიამ ვერ წარმოადგინა დოკუმენტის სახით შექმნილი აბონემენტებით უფასოდ მოსარგებლე პირთა სრული სია, რითაც შესაძლებელი გახდებოდა თანამშრომელთა ოჯახის წევრების იდენტიფიცირება და გაწეული ხარჯების მიზნობრიობის დადგენა. ანალოგიურად, VIP მომხმარებელზე აბონემენტები გაცემულია უფასოდ, მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე. ასეთმა ხარჯებმა მხოლოდ გუდაურში, 2018 და 2019 წლების იანვარში − 7,800 ლარი, ხოლო სულ, 2018-2019 წლებში ანალოგიური აბონემენტების ღირებულებამ 128,000 ლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ არ არის დადგენილი, თუ როგორ განისაზღვრება VIP მომხმარებლის კატეგორია.

2018-2019 წლებში კომპანიის თანამშრომლებსა და მათი ოჯახის წევრებზე უფასოდ გადაცემული აბონემენტების თანხობრივმა მოცულობამ შეადგინა 133,000 ლარი. ამასთანავე, VIP მომხმარებელზე უფასოდ გადაცემული აბონემენტების ღირებულების ჯამმა შეადგინა 128,000 ლარი. კომპანიამ ვერ წარმოადგინა დოკუმენტის სახით შექმნილი აბონემენტებით უფასოდ მოსარგებლე პირთა სრული სია, რითაც შესაძლებელი გახდებოდა თანამშრომელთა ოჯახის წევრების და VIP მომხმარებლების იდენტიფიცირება და გაწეული ხარჯების მიზნობრიობის დადგენა. მაიდენტიფიცირებელი დოკუმენტების გარეშე უფასოდ გადაცემული აბონემენტების ღირებულების ხარჯებად აღიარება ეწინააღმდეგება კომპანიის შესაბამისი კომისიის გადაწყვეტილებებს, ხარჯები გაუმჭვირვალეა და არ იძლევა მათი საჭიროებისა და მიზნობრიობის დადგენის შესაძლებლობას.

სახსრების ეკონომიურად და გამჭვირვალედ განკარგვის მიზნით, დადგენილი წესით აბონენემენტების უფასოდ გაცემის შემთხვევაში, შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიამ“ დანერგოს კონტროლის ისეთი მექანიზმები, რაც უზრუნველყოფს განისაზღვროს შესაბამისი ხარჯების მიზნობრიობა და საჭიროება,” - ნათქვამია აუდიტის დასკვნაში.

უკონტროლოდ გაცემული და აღურიცხავი აბონემენტები ერთადერთი ტიპის დარღვევა არაა რაც სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა კომპანიაში აღმოაჩინა.

აუდიტის სამსახური ასევე პრობლემურად აფასებს კომპანიის დირექტორის მიერ საკუთარი თავისთვის ყოველგვარი დასაბუთების გარეშე გაზრდილ ხელფასებს, რადგან აუდიტის შეფასებით, კომპანიის დირექტორი წარმოადგენს “არაუფლებამოსილ პირს” იმისთვის, რათა საკუთარი ხელფასი გაზარდოს.

“შრომის ანაზღაურების ზრდასთან დაკავშირებული ბრძანების გამოცემით დაირღვა მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნები, რის შედეგადაც 2016 წლის ნოემბრიდან 2018 წლის ნოემბრამდე კომპანიის ყოფილი დირექტორის ანაზღაურება უსაფუძვლოდ გაიზარდა ჯამში − 109,021 ლარის ოდენობით,” - ნათქვამია აუდიტის დასკვნაში.

მთის კურორტების განვითარების კომპანიის აუდიტიდან ირკვევა, რომ კომპანიის უშუალო ზედამხედველი ორგანო - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოა, რომელიც მაკონტროლებლის ფუნქციების შესრულებით არ არის დაკავებული:

"არ დასტურდება სააგენტოს მიერ მისთვის კანონმდებლობით (და მისივე ბრძანებით) განსაზღვრული ცალკეული პასუხისმგებლობების შესრულება, მათ შორის, წლიური შედეგების და საწარმოების ბიზნესგეგმების დამტკიცება, ბიზნესგეგმის შესრულების მიმდინარეობის კონტროლი, სააგენტოში წარმოდგენილი ბიზნესგეგმების პროექტების ფინანსური ანალიზი და სხვა," - ნათქვამია დოკუმენტში.