მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთლიანი შიდა პროდუქტის 2019 წლის შედეგები დაზუსტდა - ეკონომიკა 5%-ით გაიზარდა

5fb22b2df0b02
შოთა ტყეშელაშვილი
16.11.20 11:32
1125
საქსტატმა დღეს 2019 წლის მთლიანი შიდა პროდუქტის დაზუსტებული ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც აქამდე გამოქვეყნებულ წინასწარ მონაცემებს ემთხვევა და 5%-იან ეკონომიკურ ზრდას აჩვენებს.

საქსტატის ინფორმაციით, გასული წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკის ზომამ მიმდინარე ფასებში 49.2 მილიარდი ლარი ანუ 2019 წლის გაცვლითი კურსითვე 17.47 მილიარდი დოლარი შეადგინა. ამასთანავე, მშპ ერთ მოსახლეზე 13,239 ლარი და 4,696 დოლარი (2019 წლის კურსით) იყო.

“მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი (14.3 პროცენტი) და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (11.5 პროცენტი). შემდგომ პოზიციებს იკავებს დამამუშავებელი მრეწველობა (10.1 პროცენტი), მშენებლობა (8.5 პროცენტი), სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა (7.4 პროცენტი), სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება (6.9 პროცენტი), ტრანსპორტი და დასაწყობება (6.6 პროცენტი), განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფა და საკვების მიწოდება (5.2 პროცენტი), საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები (5.1 პროცენტი),” - ნათქვამია საქსტატის ანგარიშში.

ცალკეული სექტორების მიხედვით ზრდა/კლება ასეთი იყო:

● სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა - 0.7%-იანი ზრდა;
● სამთომოპოვებითი მრეწველობა - 8.2%-იანი ზრდა;
● დამამუშავებელი მრეწველობა - 1.3%-იანი ზრდა;
● ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება - 5.3%-იანი ზრდა;
● წყალმომარაგება; კანალიზაცია, ნარჩენების მართვა და დაბინძურებისაგან გასუფთავების საქმიანობები - 21.5%-იანი ზრდა;
● მშენებლობა - 0.7%-იანი ზრდა;
● საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი - 8.3%-იანი ზრდა;
● ტრანსპორტი და დასაწყობება - 8.4%-იანი ზრდა;
● განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები - 18.5%-იანი ზრდა;
● ინფორმაცია და კომუნიკაცია - 21.4%-იანი ზრდა;
● საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები - -7.5%-იანი კლება;
● უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები 4.1%-იანი ზრდა;
● პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები - 7.1%-იანი ზრდა;
● ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობები - 12.5%-იანი ზრდა;
● განათლება - 4.9%-იანი ზრდა;
● ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები - 6.8%-იანი ზრდა.
● ხელოვნება, გართობა და დასვენება - 22.1%-იანი ზრდა.

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის 9 თვის მდგომარეობით საქართველოში 5%-იანი რეცესია ფიქსირდება. 2021 წლისთვის მთავრობა 5%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს, საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით კი, ზრდა უფრო მცირე - 4.3% იქნება.