მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მუნიციპალური განვითარების ფონდი 23 მლნ ლარზე მეტს არ იყენებს - აუდიტი

61c09610d7d7d
მარიამ ვარადაშვილი
26.12.21 19:55
855
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კონსოლიდირებული ანგარიშგების აუდიტის ანგარიში გასულ კვირას გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, მუნიციპალური განვითარების ფონდი 23 მლნ ლარზე მეტ თანხას არ იყენებს.

კერძოდ, აუდიტის სამსახური წერს, რომ ფონდი ფლობს განახლებადი ენერგიის განვითარების პროგრამის ფარგლებში გაცემული სესხების დაფარვის შედეგად წარმოქმნილ ფულად სახსრებს 23,376,544 ლარის ოდენობით, რომელიც 2014 წლიდან აკუმულირდება.

“პროექტის ფარგლებში გაფორმებული ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით არ არის განსაზღვრული დაბრუნებული თანხის მომავალი მიზნობრიობა. ამავდროულად, ხელშეკრულების პირობები არ ითვალისწინებს ვალდებულების აღიარებას ფინანსთა სამინისტროს მიმართ და არ არსებობს ფორმალური დოკუმენტი, რომელიც ფონდს შეუზღუდავს აღნიშნული რესურსის გამოყენებას. აღსანიშნავია, რომ ფონდი ფულად რესურსს არ იყენებს საკუთარ საქმიანობაში, შესაბამისად, იკარგება ეკონომიკური სარგებლის მიღების შესაძლებლობა”, - წერია ანგარიშში.

აუდიტის რეკომენდაციაა, რომ მნიშვნელოვანია განისაზღვროს განახლებადი ენერგიის განვითარების პროგრამის ფარგლებში გაცემული სესხების დაფარვის შედეგად წარმოქმნილი ფულადი სახსრების გამოყენების მიზნობრიობა.

კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების აუდიტი მოიცავს ფინანსური მდგომარეობის შესახებ კონსოლიდირებულ ანგარიშგებას 2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით.

bm.ge მგფ-საც დაუკავშირდება და ეცდება, აღნიშნულ თემაზე დეტალური განმარტება მიიღოს.