06.მარტი .2021 15:00

“მხოლოდ ვაქცინაციის დაწყება არაა მთავარი, მთავარია ტემპის შენარჩუნება“ - ჯანდაცვის ექსპერტი

“მხოლოდ ვაქცინაციის დაწყება არაა მთავარი, მთავარია ტემპის შენარჩუნება“ - ჯანდაცვის ექსპერტი
views 326
უკან

„მხოლოდ ვაქცინაციის დაწყება არაა მთავარი, მთავარია ტემპის შენარჩუნება და გარკვეული დროის მონაკვეთში იმ მიზნის მიღწევა, რაც დათვლილი და გათვლილია. წლის ბოლომდე მილიონ შვიდასი ათასი ადამიანის აცრა უნდა მოვასწროთ და მოვახერხოთ. ამ ტემპითა და საზოგადოების ასეთი დამოკიდებულებით თუ გაგრძელდა სიტუაცია, არ მგონია, ეს მიზანი მიღწევადი იყოს“ - ამის შესახებ ექიმმა, ჯანდაცვის ექსპერტმა ქეთევან ჩხატარაშვილმა გადაცემა „ქალების ნარატივში" საუბრისას განაცხადა. 

როგორც ის აღნიშნავს, მისი დამოკიდებულებით, ის პრობლემები რაც ვაქცინის საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებით შეიქმნა, მხოლოდ მთავრობის ბრალეულობად არ უნდა მივიჩნიოთ, რადგან მსოფლიოშია ვაქცინის დეფიციტი, თუმცა, აქვე დასძენს რომ ალბათ, იყო რაღაც, რისი გაკეთებაც უფრო აქტიურად და უფრო დროულად შეიძლებოდა. 

გარდა ამისა, ქეთევან ჩხატარაშვილი ვაქცინასთან დაკავშირებით საინფორმაციო კამპანიების არსებობის მნიშვნელობასაც შეეხო. 

„დიდი ხნის დაწყებული უნდა იყოს კამპანია ზოგადი ინფორმაციის მიწოდებისთვის, მიმაჩნია, რომ უკვე დაგვიანებულია და გაცილებით რთული იქნება იმ დაახლოებით 40%-ის გადარწმუნება, რომელიც კვლევის შედეგების მიხედვით, არ აპირებს აცრას. მაგრამ არსებობს კიდევ 17%, რომელიც ამბობს, რომ არაა დარწმუნებული. იქნებ, ისინი მაინც გადმოვიბიროთ დროული საინფორმაციო კამპანიით, სწორი ინფორმაციით“, - აღნიშნავს ჯანდაცვის ექსპერტი.

როგორც ცნობილია, საქართველოში ვაქცინაციის პროცესი მარტის ბოლომდე უნდა დაიწყოს.