02.დეკემბერი .2022 10:24

მზარდი სუბსიდია - რა უჯდება მთავრობას გაზის ტარიფის არსებულ დონეზე შენარჩუნება?

მზარდი სუბსიდია - რა უჯდება მთავრობას გაზის ტარიფის არსებულ დონეზე შენარჩუნება?
views 803
უკან

მოსახლეობისთვის გაზის ტარიფის სუბსიდირების გამო ნავთობისა და გაზის კორპორაცია წელს 220 მლნ ლარით ნაკლებ შემოსავალს მიიღებს, - ასეთია ფინანსთა სამინისტროს შეფასება, რომელმაც სახელმწიფო კომპანიაში კვაზი - ფისკალური აქტივობა შეაფასა.

ფისკალური რისკების ანგარიშში ფინანსთა სამინისტრო მიუთითებს, რომ სწორედ გაზის ტარიფის სუბსიდირების გამო, კორპორაციამ 2021 წელს 302 მლნ ლარი ვერ ასახა შემოსავლებში, 2020 წელს კი, ეს მაჩვენებელი 202 მლნ ლარი იყო.

2013 წლიდან სს საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია ახდენს საყოფაცხოვრებო გაზის სექტორის მომხმარებელთა ტარიფის სუბსიდირებას, რაც კომპანიის შესაძლო მისაღებ მოგებას ამცირებს. მისაღები მოგება წარმოადგენს სხვაობას კომერციული ტარიფით გაყიდვის შესაძლებლობასა და ფაქტობრივად მიღებულ შემოსავალს შორის.

„კვაზი-ფისკალური აქტივობის შედეგად წარმოქმნილი მიუღებელი შემოსავალი 2021 წლისთვის აღემატება 302 მილიონ ლარს. ეს თავის მხრივ პანდემიის გამო მოსახლეობის მხარდაჭერისთვის სოციალური ტარიფის საშუალო გასაყიდი ფასის 52.5 აშშ დოლარით ათას კუბ. მეტრზე შემცირების შედეგია. 2020 წელს სოციალური ტარიფი შემცირებული იყო 40.5 აშშ დოლარით ათას კუბ. მეტრზე, ხოლო ანალოგიური მაჩვენებელი 2019 წელს 25.4 აშშ დოლარით ათას კუბ. მეტრზე“, - აღნიშნულია ანგარიშში.

ფინანსთა სამინისტრო მიიჩნევს, რომ კომპანიის ფინანსური მაჩვენებლებისთვის  კვაზი-ფისკალური აქტივობების მზარდი დონე დიდი საფრთხეა.

„საქართველოს რკინიგზის მსგავსად, კორპორაციისთვისაც ჯანსაღი იქნებოდა ასეთი აქტივობების სახელმწიფო ბიუჯეტიდან კომპენსირება თუ თავის მხრივ კომპანია გახდებოდა სახელმწიფო ბიუჯეტში პირდაპირ დივიდენდის გადამხდელი; 2021 წელს გაიზარდა სოციალური გაზის რეალიზებული მოცულობა“- ნათქვამია ანგარიშში.

ამ კვირაში ცნობილი გახდა, რომ მთავრობა ნავთობისა და გაზის კორპორაციას 200 მილიონი ლარის სესხს გამოუყოფს. მთავრობის ინფორმაციით, ამ თანხით ნავთობისა და გაზის კორპორაციამ ბუნებრივი აირი უნდა შეისყიდოს. ფინანსთა მინისტრი ამბობს, რომ სესხის დიდ ნაწილს კორპორაცია მომავალ წელს დააბრუნებს.



მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა