1.5 მლრდ ლარის შემოსავლისა და 109 მლნ ლარის წმინდა მოგების მიუხედავად, „ნავთობისა და გაზის კორპორაცია“ საოპერაციო ზარალზეა.
მსხვილი სახელმწიფო კომპანიის ფინანსური მაჩვენებლები ფინანსთა სამინისტრომ „ფისკალური რისკების ანალიზის“ დოკუმენტში გაასაჯაროვა.
სამინისტროს მონაცემებით, 2022 წელს კომპანიამ განიცადა საოპერაციო ზარალი, რაც მოსალოდნელი იყო ენერგეტიკის სექტორში განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, თუმცა, უკანასკნელ წლებში კორპორაციის საოპერაციო ზარალი პირველად დაფიქსირდა.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ კომპანიის ფინანსური მაჩვენებლებისთვის დიდი საფრთხეა კვაზი-ფისკალური აქტივობების მზარდი დონე. კერძოდ, კომპანია კვლავ მნიშვნელოვან ზარალს განიცდის სოციალური გაზის მიწოდებით. აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2022 წელს შეადგინა 336 მილიონი ლარი.
მოკლევადიანი ლიკვიდურობის პრობლემების აღმოსაფხვრელად კორპორაციას 2022 წელს დასჭირდა სახელმწიფოსგან მოკლევადიანი სესხის სახით მხარდაჭერა 230 მილიონი ლარის ოდენობით. ამ სესხის მიზნობრიობას წარმოადგენს 2003 წლის 30 ოქტომბერს კორპორაციასა და კომპანია „South Caucasus Pipeline Option Gas Company“-ს შორის გაფორმებული ოფციური გაზის კონტრაქტის შესაბამისად ოფციური გაზის გაზრდილი მოცულობების საავანსო წესით შესყიდვისა და კორპორაციის ფინანსური სტაბილურობის და ლიკვიდურობის უზრუნველყოფა 2022-23 წლებში საოპერაციო ხარჯების დაფინანსების მიზნით. სესხის დაფარვა დაგეგმილია 2 ეტაპად 2023-2024 წლებში
აღსანიშნავია, რომ 2022 წელს „ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ წმინდა მოგება 2021 წელთან შედარებით შემცირდა დაახლოებით 20%- ით და შეადგინა 109 მლნ ლარი. წმინდა მოგების ამ მაჩვენებლის მიღწევა ძირითადად განპირობებულია კურსთაშორისი სხვაობიდან მიღებული მოგებით (134 მლნ ლარი).