კლიმატური გამოწვევები, ნალექის ნაკლებობა და წყლის საბადოების გაქრობა შეინიშნება მთლიანად ქვეყანაში და ამ პრობლემებმა ყველაზე მეტად თავი იჩინა პიკური დატვირთვის პირობებში, როცა გუდაურში წყლის მიწოდება 37-38 ლიტრი წამიდან 26-ზე ჩამოვიდა, - განაცხადა დღეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ ირაკლი ქარსელაძემ.
“24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს მუშაობა და ფაქტობრივად მოვრჩით იმ სამუშაოებს, რომელიც უკავშირდება ახალი არხის მიწოდებას. მდინარე დებედადან გადასროლილი ალტერნატიული რესურსი იმ დონეს შეინარჩუნებს, რაც საკმაირსი იქნება გუდაურისთვის. ასეთი პრობლემა წინა წლებში ნამდვილად არ ყოფილა და მთავარი გამოწვევა კვლავ და კვლავ არის გვალვები და ნალექის ნაკლებობა. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში კოორდინირებულად მუშაობდა ყველა შესაბამისი უწყება და რიგ შემთხვევაში, წყალმზიდებით ხდებოდა მიწოდება,“ - აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.
მისივე თქმით, გუდაურის მასშტაბით პრობლემა დაფიქსირდა მხოლოდ „რედკოს“ დასახლებაში, სადაც 5 კორპუსს გააჩნია 150 ტონის მოცულობის ავზები და ამ ავზების შევსება ხდება ყოველდღიურ რეჟიმში.
„დღესაც 70 ტონა წყალია მიწოდებული და კიდევ 18 ტონა გზაშია. ამავდროულად, დღეს დასრულებული სამუშაოების კვალდაკვალ, მივყვებით ქსელს, საიდანაც მოხდება ჰაერის გამოდევნა, რამაც ავარია გამოიწვია, მანამდე კიდევ ერთი ავარია დაფიქსირა. ფაქტობრივად, ორივე გამოსწორებულია და მოლოდინი გვაქვს, რომ სისტემა უკვე გამართულად იმუშავებს და „რედკოს“ დასახლებას სტაბილური წყალმომარაგება ექნება,“ - თქვა ქარსელაძემ.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით, ტექნიკური სამუშაოების პარალელურად მიმდინარეობს სრული სურათის მონიტორინგი და შესაბამისად, რეაგირება ხდება მყისიერად.
რაც შეეხება ბაკურიანს, ქარსელაძის თქმით, გუდაურის მსგავსად, აქაც წყლის მიწოდების პრობლემა ჰქონდა დაბის მხოლოდ მცირე ნაწილს.
"ორი მთავარი გამოწვევა იყო სასტუმროები „მგზავრები“ და „პანორამა“, სადაც მიმდინარეობს ალტერნატიული წყლის მიწოდების სამუშაოები, პარალელურ რეჟიმში კი ხდება წყალმზიდების გამოყენება.
„ყველა გატარებული და მიმდინარე ღონისძიების შედეგად ვიმედოვნებთ რეზერვუარის იმ დონეზე შევსებას, როცა წყალიც და წნევაც საკმარისი იქნება იმისათვის, რომ დაკმაყოფილდეს საჭირო მოთხოვნები,“ - აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.
მინისტრის პირველი მოადგილე ამბობს, რომ კლიმატურმა ფაქტორებმა და სხვა სახის გამოწვევებმა შექმნა იმის საჭიროება, რომ უკვე დამატებითი ჭაბურღილები მოეწყოს და არსებობდეს წყლის მიწოდების ალტერნატიული წყაროები.
„გარდა ამისა მიმდინარეობს სხვადასხვა ტიპის ინფრასტრუქტურული სამუშაოები: სათავე ნაგებობა და რეზერვუარი დასრულდა 2017 წელს და 2018 წელს შევიდა ექსპულატაციაში გუდაურში. მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა ბაკურიანშიც და მათ შორისაა შემოვლითი გზის მშენებლობა. მიმდინარეობს და წელს ინტენსიურ რეჟიმში წარიმართება სამუშაოები გუდაურის კანალიზაციასთან დაკავშირებით, რომ აღარაფერი ვთქვათ საუკუნის პროექტზე, რომელიც უკავშირდება ქვეშეთი-კობის ახალი მისასვლელი გზისა და 9 კილომეტრიანი გვირაბის მშენებლობას,“ - თქვა ირაკლი ქარსელაძემ.
მისივე თქმით, ბევრი პრობლემა გამოწვეულია მთიან კურორტებზე განაშენიანების მაღალი ტემპით, რასაც მთავრობა შესაბამისი ინფრასტრუქტურის მშენებლობით პასუხობს და ეს პროცესი ინტენსიურ რეჟიმში შედის.