მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნარჩენების რეფორმა - “დოკუმენტი ვერ დამტკიცდება - სამინისტრო და ბიზნესი არ ეთანხმება მერიის ვერსიას”

5f2e89360d7e3
ვიქტორია მღებრიშვილი
08.08.20 18:00
1359
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ბიზნესომბუდსმენთან, მიხეილ დაუშვილთან ერთად, მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულებასთან დაკავშირებულ საკითხებზე მწარმოებლებთან შეხვედრა გამართა. 

შეხვედრაზე ნარჩენების მართვის კოდექსით გათვალისწინებული მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულებასთან დაკავშირებით შემუშავებული „შეფუთვის ნარჩენების მართვის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის პროექტი განიხილეს. აღნიშნული რეგლამენტის დამტკიცებას ბიზნესი თვეებია ელოდება, თუმცა, პროცესი გაჭიანურდა, რადგანაც დაინტერესებულ მხარეებს შორის შეთანხმება ვერ ხერხდება - საუბარია ერთი მხრივ თბილისის მერიაზე, მეორე მხრივ კი ბიზნესზე.

„შეფუთვის ნარჩენების მართვის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის პროექტი განხილვის გარეშე დავტოვეთ, რადგან ის არ ექვემდებარება არც კომენტარს და არც განხილვას - ასე აფასებს მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ორგანიზაციის ააიპ "ჯორჯია ფლასის" თავმჯდომარე გივი კალანდაძე 6 აგვისტოს სოფლის მეურნეობის მინისტრისა და ბიზნესომბუდსმენის მიერ წარდგენილ რეგლამენტს, რომელსაც ბიზნესი დიდი ხნის განმავლობაში ელოდა და რომელიც ახალი რედაქციით მწარმოებლებისთვის სრულიად მიუღებელი აღმოჩნდა.

როგორც გივი კალანდაძე BM.GE-სთან საუბრისას განმარტავს, რეგლამენტი გასული წლის აპრილში ყველა მხარესთან შეთანხმების შემდეგ საბოლოო სახით ჩამოყალიბდა და მხოლოდ დამტკიცებას საჭიროებდა, თუმცა ამ დრომდე თბილისის მერიის ინტერესების გათვალისწინებით დოკუმენტის დამტკიცება ვერ მოხერხდა.

“ბოლოს აღმოვაჩინეთ, რომ დადგენილების ძალაში შესვლის შემაფერხებელი იყო თბილისის მერია, რომელსაც აქვს განსაკუთრებული მოთხოვნები.

კანონში წერია, რომ მწარმოებლებიდან ნაწარმოები პროდუქციიდან მიღებული შესაფუთ მასალებზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ მწარმოებლებს, ე.ი. სახელმწიფო შესაფუთი მასალების ნარჩენებისაგან, ხოლო ბიუჯეტი დანახარჯებისგან თავისუფლდება. ამასთან, ბიზნესი ნარჩენების გადამუშავებისთვის შექმნილ ახალ ინფრასტრუქტურაში დამატებით სამუშაო ადგილებს შექმნის, სეპარირების ხარჯები უნდა გავაკეთოთ და ა.შ., რითიც სახელმწიფოში უფრო მეტი ფული შევა, მაგრამ რატომღაც თბილისის მერიას კანონით მოშორებული ვალდებულებების დაბრუნება უნდა. არც ერთ მუნიციპალიტეტს ამასთან დაკავშირებით პრეტენზია არ გამოუთქვამს, გარდა თბილისის მერიისა.

მათ თვითონ უნდათ, რომ აწარმოონ ნარჩენების სეპარირება და ბიზნესისგან ითხოვენ ამისთვის თანხის გადახდას და ეუბნებიან ნუ შეგვეკითხებით რა იქნება ამის საფასური და ამას როგორ დავხარჯავთო“, - აცხადებს „ჯორჯია ფლასის“ თავმჯდომარე.

მისივე ინფორმაციით, სოფლის მეურნეობის მინისტრი მწარმოებლებს მერიასთან შეხვედრის ორგანიზებას დაპირდა, იმისთვის, რომ მოხდეს მხარეთა შორის შეთანხმება, თუმცა გივი კალანდაძე ამ საკითხის სკეპტიკურად უყურებს.

„რეგლამენტი განხილვის გარეშე დავტოვეთ, რადგან ის არც კომენტარებს არ ექვემდებარება და არც განხილვას, სცდება წარმოების გაფართოებული ვალდებულებების პრონციპებს. ის სხვა დოკუმენტია, რომელშიც არის სხვა ინტერესები ჩადებული.

მინისტრი - ლევან დავითაშვილი გვეთანხმება, რომ ეს არ არის ის, რასაც მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება ჰქვია. ეს დოკუმენტი ვერ დამტკიცდება იმიტომ, რომ სამინისტრო და ჩვენ არ ვეთანხმებით მერიის მიერ დარედაქტირებულ ვერსიას, ხოლო ჩვენს ვერსიას არ ეთანხმება მერია.

ვერ მოხდება იმ დოკუმენტის მიღება, რომელიც სცდება კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს: კონკურენციის, შესყიდვების, მწარმოებელთა გაფართოებული ვალდებულების პრინციპებს, ნარჩენების მართვის კოდექსიდან გამომდინარე მოთხოვნებს“, - განმარტავს გივი კალანდაძე.

რეგლამენტის არსებული რედაქციით დამტკიცების შემთხვევაში გივი კალანდაძე პროდუქციის გაძვირებას პროგნოზირებს.

"ბიზნესი რეგლამენტის ამგვარ რედაქციას არანაირად არ ეთანხმება, რადგან ეს შემდგომში გააძვირებს პროდუქციას. ეს არ იქნება ხარჯთეფექტური სქემა, იმიტომ რომ მუნიციპალიტეტს არ ექნება ინტერესი, რომ ეს ფული ეფექტურად ხარჯოს. მუნიციპალიტეტს ექნება ინტერესი, რაც შეიძლება მეტი თანხა შეუვიდეს, ე.ი. მეტი წაართვას მწარმოებელს და მწარმოებლები ამას მერე ჩვენგან - მომხმარებლებისგან ამოიღებენ. როდესაც ბიზნესი თავის ხარჯებს თვითონ განკარგავს, ის თავად ეფექტურად წარმართავს ფინანსებს და ნარჩენების გადამუშავება ერთიანი წარმოების ნაწილი იქნება“, - აღნიშნა „ჯორჯია ფლასის“ თავმჯდომარემ.

მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება არის სისტემა, რომლის მიხედვითაც, ბიზნესმა მის მიერ წარმოქმნილ სპეციფიკურ ნარჩენზე(შეფუთვის მასალები, მეორადი საბურავები, ზეთები, მეორადი ავტომობილები, ბატარეები და ელექტრონული ნარჩენები) თავად უნდა იზრუნოს - აღნიშნული ნარჩენები უნდა შეაგროვოს და უზრუნველყოს მისი გადამუშავება. იმისთვის, რომ სისტემა ამუშავდეს, სპეციალური რეგლამენტები უნდა დამტკიცდეს, სადაც გაიწერება რა ვალდებულებები აქვთ უშუალოდ მუნიციპალიტეტებს და ბიზნესს. ამ დრომდე შესაფუთი ნარჩენების შესახებ რეგლამენტის დამტკიცება ვერ მოხდა.