ნარჩენების მართვის რეფორმა სრულად არ ამოქმედებულა. ამ დროისთვის 4 კანონქვემდებარე რეგლამენტით უკვე დაწყებულია მეორადი საბურავების, ელექტრონული მოწყობილობების, მეორადი ზეთებისა და აკუმულატორების ამოღების პროცესი, თუმცა ჯერ ისევ უცნობია რა სქემით მოხდება მოცულობით ყველაზე დიდი შესაფუთი ნარჩენისა და მეორადი ავტომობილების შესახებ რეგლამენტების ამოქმედება.
"ჯორჯია პლასის" ხელმძღვანელის გივი კალანდაძის მოსაზრებით, აუცილებელია, შესაფუთი ნარჩენის რეგლამენტის მიღება, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში მერიას ნაგავსაყრელის გაფართოებაზე კიდევ ბევრის დახარჯვა მოუწევს.
როგორც მან "საქმის კურსში" სტუმრობისას განაცხადა, მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ფარგლებში შესაფუთი ნარჩენების ტექნიკური რეგლამენტის ბედი ჯერ ისევ უცნობია. მისი თქმით, თუ ამ მიმართულებით ნაბიჯების გადადგმა არ დაიწყება და პროცესებში ბიზნესის როლი არ გამოიკვეთება, არსებული ნაგავსაყრელის პოლიგონის გაფართოების საკითხი დღის წესრიგში არაერთხელ დადგება.
“აუცილებელია ნება, რომ ის რეგლამენტი, რომელიც ყველა მხარესთან 6 წლის წინ იყო შეთანხმებული და რომელიც მომზადდა მუნიციპალიტეტების, არასამთავრობო სექტორის, სახელმწიფო უწყებების და ბიზნესის ჩართულობით და მოწონებული იყო ევროპის ტექნიკური ჯგუფის მიერ, უნდა ამოქმედდეს. ის რეგლამენტი ელოდება მთავრობის მიერ დამტკიცებას და ამოქმედებას.
თბილისის მერია ნაგავსაყრელის გაფართოების მიზნით კიდევ მილიონებს დახარჯავს. ეს რომ ყოფილიყო ძალაში შესული, დიდი ხნის შემდეგ მოუხდებოდა თბილისის მერიას ნაგავსაყრელის გაფართოება და არა ისე ნაადრევად, როგორც ეს მოხდა. შესაფუთი ნარჩენების რაოდენობა, მასა ძალიან დიდია, რაც ზრდის დაკავებული პოლიგონის ფართობს. წარმოიდგინეთ, რამდენი დაუწნეხავი ან თავდაუხურავი პოლიეთილენი ან მინის ბოთლი თავსდება ყოველდღიურად ნაგავსაყრელზე,”-ამბობს ჯორჯია პლასის დირექტორი გივი კალანდაძე.
ცნობისთვის, თბილისის მერია ლილოს ნაგავსაყრელის გაფართოებაზე 2.5 მლნ ლარს ხარჯავს, სამუშაოები ადგილზე 5 თვეში უნდა დასრულდეს.